იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებული მოსამართლეების ათი კანდიდატურა დაასახელა, რომელთა შორის არიან წინა რეჟიმის დროს, საეჭვო საქმეებში შემჩნეული მოსამართლეები.
რადგან კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს, ახლა ჯერი საკანონმდებლო ორგანოზეა. საინტერესოა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ეპოქის მოსამართლეებს „ქართული ოცნება“ განამწესებს თუ არა უვადო მოსამართლეებად.
„ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ მიხეილ სააკაშვილის დამნაშავე მოსამართლეებს დღეს პარლამენტი ტაშით დაამტკიცებს. „ქართული ოცნების“ დეპუტატები კომკავშირული ენთუზიაზმით ქართულ მართლმსაჯულებაში ამ ხალხის დამსახურებაზე დიდხანს ისაუბრებენ. „პატრიოტთა ალიანსი“ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების გამო რომ იბრძვის, ეს მოსამართლეები დასასჯელები არ არიან „ნაციონალების“ ნოტარიუსად რომ აქციეს ქართული სასამართლო სისტემა?! წინა ხელისუფლების დროს, მოსამართლე მსხვერპლი იყო თუ არა, უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. “ქართულმა ოცნებამ” ბოლოს ლევან მურუსიძეც მსხვერპლად აქცია. თუ მურუსიძე „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლი იყო, ამავე რეჟიმის კეთილდღეობით რატომ ისარგებლა?!
მოსამართლე, პირველ ყოვლისა, საკუთარ მორალთან და პრინციპებთან უნდა იყოს სუფთა. საკუთარ სინდისთან და პროფესიონალიზმთან კომპრომისზე არ უნდა მიდიოდეს. დღეს მოსამართლეები ქამელეონებივით იქცევიან, მათთვის პროფესიონალურ სინდისზე მაღლა სავარძლები დგას“, _ აღნიშნავს „გურია ნიუსთან“ სოსო ცინცაძე.
შესაძლოა, კომიკურად ჟღერს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის დროს მოქმედი მოსამართლეების დაწინაურება წინა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვისაც მიუღებელია.
„აღარ იქნება ივანიშვილი, არ ვიქნები მე, აღარ იქნება სააკაშვილის აბსტრაქტული შიშები, ეს მოსამართლეები კი დარჩებიან და ისინი მომავალ თაობებსაც წურბელებად და მონსტრების კორპორაციად უნდა დავუტოვოთ?“_ განაცხადა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი გუგულავამ.
„ამ მოსამართლეებს ყველაზე კარგად წინა ხელისუფლების წარმომადგენლები იცნობენ. შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი და ყოფილი წევრები მოსამართლეებზე განაწყენებულები არიან და ამიტომ ახსენებენ მათ ჩადენილ ცოდვებს. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, როცა ეს მოსამართლეები გადაჭარბებით ასრულებდნენ უკანონო ბრძანებებს, მაშინ ზედმეტი სიტყვა რატომ არავის წამოსცდა?!“_ დასძენს სოსო ცინცაძე.
„ქართული ოცნების“ თითოეული ნაბიჯი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში შეფასდება, რომლის პოლიტიკური მომავალი ხალხის მიერ მიცემული ბოლო შანსის გამოიყენებაზეა დამოკიდებული.
„ქართული ოცნება“ ამ შანსს ისე გაურბის, როგორც ეშმაკი საკურთხეველს. პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, დღეს მმართველ პარტიაში თვლიან, რომ სასამართლო სისტემა გაჯანსაღებულია. გგონიათ, „ქართული ოცნება“ ფიქრობს, ამ მოსამართლეებს მხარს თუ დავუჭერ ამომრჩეველს დავკარგავო ?! თუ ასეა, ძალიან ცდებით. საპრეზიდენტო არჩევნების გაკვეთილი არ არის საკმარისი?! „ქართულმა ოცნებამ“ მაშინ, როცა ყველაზე არაპოპულარული ადამიანი გახადა პრეზიდენტი, ყველას დაუმტკიცა, რომ საზოგადოების დამოკიდებულება მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით აღარ აინტერესებს“,_ აღნიშნავს ცინცაძე.