პარტია “ქართულ ოცნებაში“ დაგეგმილ შეხვედრას ეკა ბესელია არ ესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას ბესელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს:
“ახლა არ ვარ საქართველოში, 6-ში ვბრუნდები და ყველას, ვისაც რამე აქვს ჩაფიქრებული, პირადად მზად ვარ ღიად და საჯაროდ ვესაუბრო. ვიცი, რა ნაბიჯი გადავდგი და რა შეიძლება მოყვეს. არ მინდა სახე დაკარგოს მან, ვისაც ვიცავდი და ვეფარებოდი. სააკაშვილის მეთოდების გამეორება ცუდად დაასრულებს ამ პროცესს. მეღიმება მაინც, ეს რამ მოაფიქრათ“, – წერს ეკა ბესელია “ფეისბუქის“ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ფრაქცია “ქართული ოცნების“ სხდომა მიმდინარეობს. სხდომას “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.
არსებული ინფორმაციით, განხილვის თემები სხვა საკითხებთან ერთად იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია და ზოგადად იუსტიციის საბჭოში შექმნილი ვითარება იქნება. ასევე, განხილული იქნება ეკა ბესელიასა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მიერ ერთმანეთის მისამართით გაკეთებული კრიტიკული განცხადებები, სადაც კოლეგებმა ერთმანეთი არაგუნდურობაში დაადანაშაულეს.