ამას წინათ, არ დავიზარე და ინტერნეტში ვნახე ფილმი, რომელმაც აზრთა სხვადასხვაობა და ალიაქოთი გამოიწვია (გახსოვთ, ალბათ, ხელგაწვდილი რომ აგროვებდნენ ფარას, თუ პატრიოტი ხარ უნდა ფული მიწილადოო – პატრიოტი მგონი ვარ, მარა აბდლური საქმეების არა) _ ,,ექვთიმე ღვთისკაცი”… ამბობენ, მას შემდეგ, რაც ეს ფილმი გაკეთდა (შექმნა მისთვის შესაფერისი სიტყვა არ არის), მთაწმინდის პანთეონში ღამღამობით ხმაურია _ ეს დიდი ექვთიმე საფლავში ბრუნავს _ აი, რა მთხლეი გადეიღეთ ჩემზეო, მანახეთ მისი ავტორი, ერთი თვალებში უნდა ჩავხედოო… ფილმი მართლაც უვარგისი გამოვიდა _ ჯერ ერთი ისტორიული თვალსაზრისით იმდენი იაღლიში აქვს, რომ ვერ დეითვლი. ვინც არ იცის ისტორია (ასეთი კი საქართველოში ნამეტანი ბეური ყოფილა), ისეთ აზრს გამეიტანს კაცი, რომ მხოლოდ ექვთიმე ზრუნავდა საქართველოსა და განძზე, ნოე ჟორდანია და სხვები ნაღდი მტრები იყვნენ, რაც სიმართლეს, რაღა თქმა უნდა, არ შეეფერება. ეს კიდევ ერთი მცდელობაა დაამცირონ სოციალ-დემოკრატების როლი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ის კი არ იციან ამ აბდლებმა, რომ სოც-დეკები, მათ შორის კი უმრავლესობა გურული იყო (ეს ისე, სიტყვამ მოიტანა) სანიმუშო სახელმწიფოს ქმნიდა, მაშინ, როცა შუაგულ ევროპაში ფაშისტური სახელმწიფოები ჩნდებოდა….
კიდევ ამბობენ, სოც-დეკები გეიქცენო, არავინ არსად გაქცეულა, მათ კაპიტულაციას ხელი არ მოაწერეს, იბრძოლეს და სიცოცხლის ბოლომდე განაგრძობდნენ ემიგრაციაში ბრძოლას. აი, ამონარიდი მიშა ბახტაძის წერილიდან ამ თემაზე:
,,პანიკა ქალაქში (თბილისში) არ იყო. თბილისს იცავდა 10-15 ათასი მებრძოლი (რეგულარული არმია, სახალხო გვარდია, სამხედრო სკოლა, მოხალისეები). მთავრობის ქუთაისში გადაყვანის საკითხი გადაწყდა 24 თებერვალს საღამოს, მას შემდეგ, რაც, დაახლოებით, 20:30 საათზე მთავარსარდალმა გიორგი კვინიტაძემ მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება (არა მთავრობის თავმჯდომარემ ან მთავრობამ და არც დამფუძნებელმა კრებამ) თბილისის დატოვების შესახებ. რაც საინტერესოა, პირველი იერიში ქალაქის ასაღებად წითლებმა 19 თებერვალს განახორციელეს გამთენიისას და მარცხიც იწვნიეს. გენერალმა მაზნიაშვილმა 1500 წითელარმიელი დაატყვევა. ასე რომ, 18 თებერვალს ზემოთ აღწერილი საუბარი, უბრალოდ, ვერ გაიმართებოდა.
ზემოთ აღწერილი დიალოგისას ექვთიმე თაყაიშვილი ჟორდანიას შესძახებს, ასე უომრად უნდა დავტოვოთ ქალაქი? თბილისი უომრად არავის დაუტოვებია. 19-დან 24 თებერვლის ჩათვლით ქალაქის დამცველებმა მოიგერიეს ყველა შემოტევა და არ დათმეს არცერთი პოზიცია. ქალაქი დავტოვეთ გენერალ კვინიტაძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით (რატომ მიიღო მთავარსარდალმა ეს გადაწყვეტილება სხვა საკითხია)”.
გაიქცენო – ვახტანგ VI-ზე რეიზა არ ამბობთ ამას? იმან, აბა, რა ქნა? მოკრიფა ნაღები ქართველობა და გადავიდა რუსეთში. ორმაგი სტანდარტები დედას ტირობს ამ ქვეყანას! მავანი მეტყვის, ეს ხომ მხატვრული ნაწარმოებიაო და თავისუფალი ინტერპრეტაციააო. კი, ბატონო, მინახავს ბევრი ამერიკული ფილმი, სადაც თხრობა ისტორიული ფაქტებთან თანხვედრაში არ მოდის, მაგრამ ფილმი, როგორც მხატვრული ნაწარმოები ისეთ მაღალ დონეზეა დადგმული, რომ მაყურებელს გითრევს და გიბიძგებს, რომ ამ ამბავზე, ფილმის ნახვის შემდეგ, ინტერნეტში ჩაიხედო ან ხელში წიგნი აიღო. ეს ფილმი კი პირდაპირ ჩეჩმისკენ გიბიძგებს. ჩვენ, ასეთ პატარა ერს, რომელსაც მსოფლიო ჯერ კიდევ ცუდად იცნობს, არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ არასწორი ფაქტები მივაწოდოთ მთელ დუნიას, მით უმეტეს, ისეთ მნიშვნელოვან პერიოდსა და ადამიანზე.
ცალკე თემაა სათაური, რომელიც მაშინვე ბადებს კითხვას, როცა ეს უდიდესი გურული საქართველოსთვის იღვწოდა და განძს იცავდა, მაშინ უკვე წმინდანი იყო? ის ვმეორდები, ექვთიმე ვერაფერს გააწყობდა მარტო, რომ თანამოაზრეები არ ჰყოლოდა და ეს მარტო ილია ჭავჭავაძე არ ყოფილა, როგორც ფილმშია მოწოდებული, არამედ უამრავი სხვა პატრიოტი ქართველი, რომელიც ფილმში ლამის ჩმორებად და მოღალატეებად ჰყავთ გამოყვანილი.
რეჟისურა, დრამატურგია, მსახიობთა თამაში უმდაბლეს დონეზეა და კიდო, გრიმს ვინ აკეთებდა და აწეპებდა ამ წვერ-ულვაშს მსახიობებს? ეგრევე ჩიჩილაკი გამახსენდა, წმინდა ბასილის წვერიაო, რომ ამბობენ.
ჩიჩილაკის გახსენებაზე – მალე კალანდაა და გილოცავთ, მრავალს დაესწარით და ღმერთმა აღარ გვანახოს ასეთი ,,შედევრები”, განსაკუთრებით, როცა ის ისეთ თავდადებულ და დიდებულ ხალხს ეხება, როგორიც ექვთიმეა თაყაიშვილი.