გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში, ალაზნის სარწყავ არხში ავტომობილი გადავარდა. შემთხვევის შედეგად ავტომობილში მყოფი მამაკაცი დაიღუპა.
როგორც სოფელ კალაურში მერის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი, ლევან ქევხიშვილი აცხადებს, მამაკაცი სახლიდან მიწის ნაკვეთში ჩალის მოსაჭრელად იყო წასული და მას შემდეგ არ გამოჩენილა. ოჯახმა მამაკაცის გაუჩინარების შესახებ „112“-ს შეატყობინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.