„ქართული ოცნების“ ხელწერა დიდი ხანია ცნობილია, ამ პარტიის ამოცანაა, ყველა სტრუქტურა, მათ შორის, მედია, სასამართლო და ბიზნესი საკუთარ ძალაუფლებას დაუქვემდებაროს, ამიტომ ვერ დავიჯერებ, რომ „ქართული ოცნება“ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ მზაკვრულ გეგმაზე უარს იტყვის“, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან“ დემოკრატიული აუდიტის ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლიტოლოგიის დოქტორმა არმაზ ახვლედიანმა.
მისივე თქმით, „ამ ხელისუფლების პირობებში, იუსტიციის საბჭოსთან მიმართებით, ნებისმიერ, არსებით სასიკეთო რეფორმაზე საუბარი სასაცილოა“.
_ ბატონო არმაზ, საქართველოს პარლამენტი უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სიას კანონში ახალი კრიტერიუმების გაწერის შემდეგ განიხილავს. როგორ ფიქრობთ, ოდიოზური მოსამართლეების განმწესებაზე „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ თქვა უარი?
_ როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა აცნობიერებს საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის რა რისხვას დაიმსახურებს, თუ კვლავაც არაობიექტურად და თავხედურად შეარჩევს მოსამართლეებს. ამ ეტაპზე, „ქართულმა ოცნებამ“ ოდიოზური მოსამართლეების გამწესების გადაწყვეტილება რომც შეცვალოს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის სახიფათო მიდგომა არსებითად შეიცვლება. „ოცნების“ ხელწერა დიდი ხანია ცნობილია. მისი ამოცანაა, ყველა ინსტიტუტი, მათ შორის, მედია, სასამართლო და ბიზნესი, საკუთარ ძალაუფლებას დაუქვემდებაროს. ამიტომ ვერ დავიჯერებ, რომ „ქართული ოცნება“ სასამართლოსთან დაკავშირებულ მზაკვრულ გეგმას სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად შეცვლის! თუ ახლა არა, “ოცნება” ახლო მომავალში მაინც ეცდება, რომ სასამართლო, სრულად აქციოს საკუთარ მსახურად, რაც ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიული პერსპექტივის დასამარებას ნიშნავს.
_ პოლიტიკურ წრეებში ამბობენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ბიძინა ივანიშვილის ნებართვის გარეშე პარლამენტს აღნიშნულ სიას ვერ წარუდგენდა. თქვენი აზრით, “ქართული ოცნება_დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს მიაჩნია, სასამართლო სისტემა იმდენად ჯანსაღია, რომ საზოგადოებისთვის არასასურველი მოსამართლეები თანამდებობებზე უვადოდ უნდა განამწესოს?
–კარგად ვიცი, რა ტრაგიკულ გარიგებასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად, სასამართლოსთან ურთიერთობის უკიდურესად მანკიერ გზას დაადგა. რეალურ შედეგს ვხედავ და ამიტომ ივანიშვილის კეთილ განზრახვებს ვერ დავიჯერებ. პარტიის ლიდერი ცდილობს მონურად მორჩილი პარლამენტის მეშვეობით, სასამართლოს დაქვემდებარებას, რაც სახელმწიფოსთვის უდიდესი პრობლემაა.ამ ვითარებაში ერთადერთ გამოსავალს ვხედავ -„ქართული ოცნება“ რაც შეიძლება სწრაფად უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან!
_ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა-არ ყოფნის საკითხი გადაწყდება. მანამდე კი მნიშვნელოვანია, რამდენად ქმედითუნარიანი იქნება მმართველი პარტია, მით უფრო, როცა ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში შექმნილი პროცესების გაჯანსაღების მიზნით, ერთწლიანი ვადა აქვს აღებული. პარტიის ლიდერის მიერ გაცემული დაპირების შესრულება, რამდენად რეალურია?
– ვისაც ტყუილი დაპირებების სჯერა, დაიჯეროს. ბიძინა ივანიშვილის ამოცანა ერთია- მას სურს ყველა სტრუქტურა დაიმორჩილოს, რათა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება გარანტირებული ჰქონდეს. დღეს ჩვენს ქვეყანაში ისე, როგორც არასდროს, ფასადურია დემოკრატი! თუ საზოგადოება ამას ვერ გააცნობიერებს, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად, ქვეყნის ჯიჯგნას კვლავ განაგრძობს და ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ხარჯზე, მხოლოდ საკუთარ თავს მოუტანს პოლიტიკურ და ფინანსურ სარგებელს.
_ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე, რომლის განაჩენებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს რიგი შენიშვნები ჰქონდა, თანამდებობაზე უვადოდ განამწესა. ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ საბჭომ არსებობა არ გააგრძელოს, ნაწილი კი აღნიშნული სტრუქტურის რეფორმირებაზე საუბრობს. როგორია თქვენი ხედვა?
_ ყველას კარგად გვახსოვს, “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დემოკრატიული ინსტიტუტების ყალბი, ფორმალური ხასიათი, რომელიც სასამართლო სისტემაზეც ვრცელდებოდა. საუბედუროდ, „ოცნებამ“ იგივე გზა აირჩია. ივანიშვილი საერთაშორისო საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრის. ამ ხელისუფლების პირობებში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმართებით ნებისმიერ რეფორმაზე საუბარი სასაცილოა. უნდა მოხდეს სისტემური ცვლილება, რაც შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ საზოგადოება წესიერ, განათლებულ,დემოკრატიულად მოაზროვნე და ქვეყნისთვის თავდადებულ პოლიტიკოსებს აირჩევს.