კლიმატური ცვლილებები, ეკონომიკური ზრდა, განათლება, გენდერული თანასწორობა _ ეს იმ გამოწვევების მცირე ჩამონათვალია, რის წინაშეც 21-ე საუკუნეში ადამიანი დგება, თუმცა, საზოგადოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ადამიანებს შორის გართულებული ურთიერთობები და კონფლიქტი წარმოადგენს.
რა არის ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი, რა პრობლემებია საზოგადოებაში _ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“ თბილისის დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ მერაბ დეკანოსიძეს ესაუბრა.
მამა მერაბის თქმით, საზოგადოებაში სიყვარულის ნაკლებობა და ხალხის უპატივცემულობაა.
„საზოგადოებაში არის სიყვარულის ნაკლებობა, ხალხის უპატივცემულობა. ბოროტი ძალები ყოველთვის ყოფს და ადამიანებს აშორებს. მათ შორის აღრმავებს უფსკრულს, რომ ადამიანებმა ცალკ-ცალკე იგრძნონ თავი ან დაჯგუფებებად. ეს მომენტია დღეს საქართველოში, როგორც პოლიტიკაში, ისე სასულიერო ცხოვრებაში, ასევე მრევლში. ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდი“,_ამბობს მამა მერაბი.
როგორც მამა მერაბი აღნიშნავს, ადამიანს მხოლოდ მორჩილება, თავმდაბლობა, კაცთმოყვარეობა გადაარჩენს, თუმცა, დღეს ხალხს ეს აკლია და ყველაფერი ფარდის მიღმა, ამპარტავნებით ხდება.
„უფალი გვეუბნება „სიბრძნით აღემართენით“. ნებისმიერ სიტუაციაში ვერავითარი ანგარება, ვერავითარი მატერიალური მდგომარეობა ვერ გვიშველის ჩვენ. არ არსებობს სიმდიდრე, რომელიც მორჩილებაზე მეტი იყოს. ადამიანს მხოლოდ გადაარჩენს მარადისობის გზაზე თავმდაბლობა, მორჩილება, უფლის სიყვარული, კაცთმოყვარეობა _ ეს გვაკლია.
რატომ არის ცუდი, თუ ჩემზე უკეთ სხვები დახატავენ. რატომ არის ცუდი, რომ სხვა უფრო ნიჭიერს მივცეთ გასაქანი. მაგრამ ასე არ არის. ამპარტავნებით ხდება ყველაფერი. ყველაფერი ხდება ფარდის მიღმა და უცებ ვხედავთ დასასრულს. თუნდაც, პოლიტიკაში, თუნდაც ნებისმიერ სხვა სფეროში. უფალი ყველაფერს გამოამჟღავნებს. გულში რა ვიფიქრეთ, ისიც კი იცის უფალმა.
არის ადამიანი, რომ ერთს ამბობს, მეორეს აკეთებს და მესამეს ფიქრობს. უფალმა ეს ყველაფერი იცის. ეს არის ძირითადი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად, მთელ მსოფლიოში. სიყვარულის და პატივისცემის უნარი დაკარგა ადამიანმა და ყველას თავის წარმოჩინება უნდა“, _ამბობს მამა მერაბი.