24 იანვარს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელსაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
მისი თქმით, უმრავლესობის შეხვედრაზე განხილული იქნება საგაზაფხულო სესიის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებული თემები.
თალაკვაძის ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომაზე ასევე იმსჯელებენ პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის წლიური მოხსენებების მოსმენასთან დაკავშირებით, ასევე, მსჯელობა გაიმართება ბიუჯეტის შესრულებისა და კომიტეტების ანგარიშებთან დაკავშირებით.
„უმრავლესობის სხდომაზე მოწვეულია უმრავლესობის ყველა წევრი“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 24 იანვარს, 11:00 საათზე, პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში ჩატარდება.