შსს-მ სოციალურ ქსელში გავრცელებული კიდევ ერთი ფარული ვიდეოჩანაწერი დაბლოკა. სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 157-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება:
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეაგირება მოახდინა სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით. სამართალდამცველების მიერ მოხდა ამავე ქსელის ადმინისტრაციის ჯგუფთან კომუნიკაცია. შედეგად, გავრცელებული ვიდეოკადრები სოციალური ქსელიდან წაიშალა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სსკ-ს 157-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს. ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება“, – აცხადებენ შსს-ში.