იტალიაში ლიზა დელ ჯოკონდოს საფლავის ძიება დაიწყო. ესაა ქალი, რომელიც, როგორც მიიჩნევა, ლეონარდო და ვინჩის ყველაზე ცნობილ სურათზეა გამოსახული. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ ფლორენციაში ოფიციალურად გამოცხადდა.
მკვლევარები უკვე სწავლობენ დოკუმენტებს, რომლებიც მონა ლიზას ნეშტის ადგილმდებარეობის განსაზღვრაში დაეხმარებათ. უშუალოდ საძიებო სამუშაოები ფლორენციაში, წმინდა ურსულას ყოფილი მონასტრის ტერიტორიაზე დაიწყება, სადაც, როგორც მიიჩნევა, 1542 წელს ლიზა დელ ჯოკონდა დაკრძალეს.
პროექტს პროფესორი სილვანო ვინჩეტი ხელმძღვანელობს, რომელიც მანამდე კარავაჯოს, პეტრარკას, ბოიარდოს და სხვა გამოჩენილი ადამიანების ნეშტების მოძიებით იყო დაკავებული და ამ საქმეში წარმატებასაც მიაღწია.
მისი სიტყვებით, თუ სამარხი აღმოჩენილი იქნება, ნეშტს ჯერ დე–ენ–ემ–ის ექსპერტიზაზე გაგზავნიან, ხოლო თავის ქალის საშუალებით – თუკი მას იპოვიან – თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით მეცნიერები ქალის სახეს აღადგენენ, რათა ერთხელ და სამუდამოდ დაადგინონ, ნამდვილად ისაა თუ არა გამოსახული ლეონარდოს ცნობილ პორტრეტზე.