„ასფალტს „კატოკის“ მაგივრად ფეხით ბეკნიან“ _ გაოცებული ლანჩხუთელი მაჟორიტარი
სოფო წილოსანი
გურია ნიუსი
„ლანჩხუთში კიდევ რამე თუ გამაოცებდა, ვერ წარმომედგინა. კაი კომიკური ამბავი კი ვნახე რამდენიმე დღის წინ. ტელეფონით გადაღება შემრცხვა, რაც ვნახე _ ქალაქის ცენტრში ასფალტს აგებდნენ თუ ამას დაგება ჰქვია. გამიგია, კაცმა „კატოკით“ გაასწოროს ასფალტი, მაგრამ ლანჩხუთში ასფალტს „კატოკის“ მაგივრად ფეხით ბეკნიან. ეს ნორმალურად მიგაჩნიათ?!“ _ გაოცება ვერ დამალა საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მაჟორიტარმა კახა კვიტაიშვილმა.
„მაგი რაა, ამფერიც მაქვს ნანახი _ „კალიასკიანი მატოციკლეტი“ ხომ იცით, იმით დაჰქონდათ ფოთიდან და ისე აგებდნენ ასფალტს“, _ შეეშველა საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე კვიტაიშვილს.
მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ლევან ჩხაიძემ ფეხით დატკეპვნის ამბავი კი გაიკვირვა, თუმცა, განმარტა, რომ ეს, ე.წ. ცივი ასფალტია და მის გასწორებას კატოკი არ სჭირდება, ნიჩაბიც საკმარისია. ჩხაიძის თქმით, ცივი ასფალტის დაგება ზამთრის სეზონის გამო ხდება და გაზაფხულდება თუ არა იგი ცხელი ასფალტით ჩანაცვლდება.
უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა აკაკი იმნაიშვილმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მძიმეწონიანი მანქანების გაჩერების ადგილის დარეგულირების საკითხი გააჟღერა.
„მეწარმე კაცი ვარ, ქალაქის ცენტრში მაქვს მაღაზია, თუმცა, იმის გამო, ხშირ შემთხვევაში, მიმდებარე ტერიტორია მძიმეწონიანი მანქანებითაა ჩახერგილი, მომხმარებელი მაღაზიაში შემოსვლას ვერ ახერხებს. ისეთი ქაოსური მდგომარეობაა შექმნილი, რომ ფეხით გავლა ხდება შეუძლებელი. ხომ შეიძლება ეს პრობლემა მოვაგვაროთ და ამ უზარმაზარ მანქანებს ქალაქის ცენტრში გაჩერება ავუკრძალოთ. გარდა იმისა, რომ გამვლელებს ხელს უშლიან, გზის საფარიც ზიანდება“, _ აღნიშნა იმნაიშვილმა და ლანჩხუთში ტაქსების რაოდენობის შეზღუდვის იდეაც გააჟღერა.
როგორც იმნაიშვილს განუმარტეს, ეს საკითხი მერიის ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციებში შედის.
იმნაიშვილის მიერ გაჟღერებული თემა იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ ვერიკო კვირკვლიამ უფრო განავრცო და გარევაჭრობის პრობლემასაც შეეხო: „ვიცით, სად იდგნენ და ვაჭრობდნენ გარემოვაჭრეები. ახლა სამი მეტრით უკან დაწიეს. ცოტა უხერხულია. სხვა ადგილი უნდა გამოენახათ. კითხვა მაქვს, რატომ შეირჩა ის ადგილი გარევაჭრობის მოსაწყობად, ვინმე ჩვენ შეგვეკითხა?! ასევე, უნდა ვთქვა ავტობანზე მომუშავე მანქანების შესახებ, წერილი უნდა მივწეროთ იმ კომპანიებს, რომლებიც მუშაობენ გზის გაკეთებაზე. ეს მანქანები, სადაც მოესურვებათ, იქ არიან გაჩერებულები. ხომ შეიძლება, ადგილი გამოიყოს სპეციალურად და ასე ქაოსურად არ იყოს. ვეღარ გაივლი ქუჩაში“.
სხდომის მიწურულს კი სიტყვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლელა ჩახვაძემ ითხოვა. ჩახვაძემ მერიას გულგრილობაში დასდო ბრალი: „საკრებულოს თავმჯდომარე კომისიებში გაწევრიანებულ დეპუტატებს აქტიური მუშაობისკენ მოუწოდებს, რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები, თუმცა, ამის საშუალება ხომ უნდა გვქონდეს. ექვსი წერილი გვაქვს ფრაქციის სახელით გაგზავნილი მერიაში, მაგრამ პასუხი ერთხელაც არ მიგვიღია. წერა-კითხვის უცოდინარი ხალხით გაივსო სამსახურები. მიაქციეთ ამას ყურადღება, რომ ფორმალურად არ ვატაროთ სხდომები“, _ აღნიშნა ჩახვაძემ, რის შემდეგაც საკრებულოს სხდომაზე მყოფ მერის მოადგილეს სთხოვა ამ პრობლემის მოგვარება.