ოპოზიცური პარტია „ლეიბორისტების“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ თამაზ (გეგა) გეგეშიძესა და მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.
მისი თქმით, საქართველოში სპორტის ოლიგარქიზაცია მიმდინარეობს, რის გამოც ფედერაციებს საბიუჯეტო დაფინანსება უნდა შეუწყდეს და ოპოზიციურ პარტიებს პოლიტ ზონდერ სპორტსმენთა შავი სიის შედგენისკენ მოუწოდებს.
„მიმდინარეობს სპორტის ოლიგარქიზაცია. ბიუჯეტებით მილიონობით ლარით დაფინანსებული 63 ფედერაცია გადაიქცა მოძალადე პოლიტზონდერებად, არჩევნების გამყალბებლებად, რომლებიც წილების გადანაწილებისას საკუთარ თანაგუნდელებსაც არ ინდობენ და უსწორდებიან.
მოვითხოვ სასწრაფოდ შეუწყდეს დაფინანსება ფედერაციას საბიუჯეტო დაფინანსება და ეს მილიონები წარიმართოს მასობრივი სპორტის განვითარებისთვის, უფასო სპორტული სექციებისსათვის ყველა სოფელსა და ყველა ქალაქში.
მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას შევადგინოთ პოლიტზონდერ სპორტსმენთა შავი სია და ვაცნობოთ საერთაშორისო ფედერაციებს, რომ მათი დუხი არ იყოს საერთაშორისო შეჯიბრებებში.
მათი ეპოქა ერთხელ და სამუდამოდ ივანიშვილის რეჟიმთან ერთად უნდა დასრულდეს.
ხალხი შიმშილით გვეხოცება, მშობლებს ბავშვები უფულობის გამო სპორტულ სექციებზე ვერ მიუყვანიათ, წარმოუდგენელ თანხებს სთხოვენ და ამ დროს ეს გასიებული მოძალადეები ჩვენ ფულს ვერ იყოფენ და ერთმანეთს ხოცავენ.
ის, რაც ჩაიდინა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მსოფლიო სპორტის ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენაა. მოჭიდავე პირდაპირ პრესის და უცხოელი სტუმრების თვალწინ გალახა და ამ დროს 5 000 ლარი გადაახდევინეს და გამოუშვეს, დატოვეს თანამდებობაზე, როცა ოჯახურ კონფლიქტზე იჭერენ, აპატიმრებენ და უმკაცრესი სანქციებია“,_განაცხადა ნათელაშვილმა.
ცნობისთვის, სპორტის სასახლეში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტსა და სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს შორის დაპირისპირება 11 იანვარს მოხდა.