განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის მერი ლაშა გოგია, ვიცე-მერი გია გულორდავა და მათთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირი, თენგიზ ქობალია და ხუტა ბაღათურია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელ სხდომაზე ადვოკატები მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
მათთან ერთად ასევე გაიმართა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული, ზუგდიდის მერიის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, თენგიზ ქობალიასა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული ხუტა ბაღათურიას პროცესები.
ოთხივე ბრალდებულის ადვოკატი, წინასწარი პატიმრობის სანაცვლოდ, გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გოგია და გულორდავა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით პირველ ნოემბერს დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერი, სადაც დაკავებულების მიერ ქრთამის აღებაზეა საუბარი, ავთენტურია.