განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ამბობს, რომ CAT-ის გამოცდების გაუქმების შემდეგ, სკოლებში კორუფციისგან დაზღვევის საუკეთესო მექანიზმად ეროვნული გამოცდები რჩება.
„ეროვნული გამოცდების გაუქმება არ ხდება, არამედ სკოლაში უქმდება ცენტრალიზებული გამოცდები. ჩვენი მიზანი არის სკოლების გაძლიერება იმისთვის, რომ სასწავლო პროცესს საფრთხე არ ემუქრებოდეს და სკოლას ჰქონდეს თავისი ფუნქცია. ის შედეგი, რაც ბოლო კლასებში გვაქვს, რომ სწავლის ნაცვლად, მხოლოდ რეპეტიტორებთან სიარულია და ფაქტობრივად ცოდნის მიღება არ ხდება, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი პრობლემაა. ამიტომ, ჩვენი მიზანია სკოლის გაძლიერება და არა გამოცდებზე ორიენტაცია. ეროვნული გამოცდების რეფორმირება ხდება მხოლოდ მომავალ წელს.
“გამოცდების დაახლოება მოხდება მაქსიმალურად სასკოლო პროგრამასთან, ასევე მოსწავლეების უფრო ლოგიკურად გადანაწილება მოხდება იმ მიმართულების მიხედვით, რასაც თავად გადაწყვეტენ, ჰუმანიტარული თუ ტექნიკური მიმართულებით. მათი მთელი რესურსი მიმართული იქნება სწორედ იმ საგნებსა და სასკოლო ცოდნაზე, რომელიც მათ მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ და მომავალში დაეხმარებათ, რათა უმაღლეს სასწავლებელში სწავლა გააგრძელონ. არ არსებობს, რომ სისტემა, რომელიც მხოლოდ გამოცდებზეა ორიენტირებული, იყოს წარმატებული. ამიტომ, ჩვენი მიზანია, სკოლას ჰქონდეს თავისი ფუნქცია, ასევე დაზღვეულები ვიყოთ იგივე მომავალი კორუფციული რისკებისგან, იგივე სხვადასხვა ასეთი საკითხისგან, ეროვნული გამოცდები იქნება, რომელიც ამ საფუძველს [მისიას] შეასრულებს“, – აცხადებს მიხეილ ბატიაშვილი.