3 თებერვალს, თბილისში, მძლეოსნობის სასახლეში, თბილისის ღია პირველობა გაიმართა. ღია პირველობაში სხვა რეგიონის ნაკრებ გუნდებთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების მძლეოსნობის ნაკრები გუნდი 9 სპორტსმენით იღებდა მონაწილეობას და წარმატებითაც იასპარეზეს.
გიორგი დეკანოიძე სამხტომში შედეგით – 14 მ. 60 სმ. პირველი ადგილის მფლობელი გახდა. წარმატებით იასპარეზა ასევე, ამირან თავართქილაძემ. მან 200 მ. გარბენში მეორე ადგილის მფლობელი გახდა. საგულისხმოა ისიც, რომ ტრამვების შემდეგ აღნიშნული ტურნირი თავართქილაძისათვის პირველი იყო. რაც შეეხება ბირთვის კვრას ( 4 კგ. ) აქ თამუნა მახარაძემ მესამე ადგილის დაკავება შესძლო. აღნიშნული ტურნირის მიზანი, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისთვის, ზამთრის ევროპის ჩემპიონატისთვის და სხვა საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის დაკომპლექტება და კანდიდატების შერჩევა იყო. გიორგი დეკანოიძემ თბილისის პირველობაზე გამოსვლით საუკეთესო შედეგი აჩვენა. დეკანოიძე სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე ( 23 – წლამდელთა შორის ) საასპარეზოდ უკვე მიიწვიეს, საქართველოს ნაკრების წევრად. ოზურგეთელი მძლეოსნები შეჯიბრისთვის მარინა კოტრიკაძემ მოამზადა.