ცოტა ხნის წინ ესპანელი მეცნიერების „საინტერესო“ დასკვნა გამოაქვეყნდა. როგორც გაირკვა, ყოველი მესამე ადამიანი შურიანია.
მადრიდის კარლოს მესამეს სახელობის უნივერსიტეტის სწავლულებმა გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ კვლევა-ექსპერიმენტი იმისთვის, რომ გამოევლინათ, თუ ძირითადად რა ტიპის პიროვნებები არსებობენ საზოგადოებაში.
როგორც აღმოჩნდა ადამიანები პირობითად შეიძლება დაიყოს ოთხ კატეგორიად. ესენია: შურიანები, ოპტიმისტები, პესიმისტები და მიმნდობი ინდივიდები.
ეს ფაქტი მეცნიერებმა სოციალური ექსპერიმენტის წყალობით დაადგინეს. შერჩეულ 541 ადამიანს სთხოვეს მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა სოციალურ სიტუაციაში. გადაწყვეტილება ინდივიდს შეეძლო მიეღო როგორც საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით, აგრეთვე მთელი ჯგუფის სასარგებლოდ.
ექპერიმენტში მონაწილე ყოველი ადამიანის გადაწყვეტილება და მისი შედეგები კომპიუტერული ალგორითმის ანალიზის შედეგად გამოავლინეს.
შედეგად ადამიანების 30% შურიანი გამოდგა. რაც შეეხება ოპტიმისტს, პესიმისტს და მიმნდობ ადამიანებს, მათი მონაცემები თანაბრად გადანაწილდა. რაც შეეხება დარჩენილ 10%-ს, კომპიუტერმა ვერ შეძლო რომელიმე კონკრეტულ კატეგორიაში მათი განაწილება.
მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ მსგავს კლასიფიკაციად ინდივიდების დაყოფა პირველად გახორციელდა.