მსახიობი ტრისტან სალარიძე “დიდ კინოს” ბავშვობიდან ეზიარა.
“მეხუთე კლასში რომ ვსწავლობდი, ჩემს სოფელ ახალდაბასაც მოადგნენ კამერით ფილმის გადაღებისთვის. სურათი სამამულო ომის თემას ასახავდა. მთავარ როლებში გურამ ფირცხალავა და ლეილა აბაშიძე მონაწილეობდნენ. ომი დამთავრდა და ფეხმოჭრილი მებრძოლი დაუბრუნდა ოჯახს, სამშობლოს, რომელსაც მთელი სოფელი უნდა მიჰგებებოდა, დიდი და პატარა. მასწავლებელმა გაგვაფრთხილა, რომ მე და ჩემს კლასელებს ხვალ ფილმში გვიღებდნენ.
გული აღარ მეტეოდა საგულეს, ხომ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს მსახიობობაზე მეოცნებე ბავშვისთვის ფილმის გადაღებაზე დაპატიჟება. თეთრად დამათენდა ღამე, დადგა საოცნებო წუთები, ჰონორარებიც ჩავიკეცეთ ჯიბეში და “პოპულარულებს” მწვანე კიტრივით მოგვქონდა თავი. წუთებს ვითვლიდით, როდის დამონტაჟდებოდა ფილმი და გამოვიდოდა კინოეკრანებზე, მაგრამ ჩვენი მხოლოდ ჩრდილები გადაუღიათ.
არადა, ქვეყანა მქონდა შეყრილი, ტელევიზორები ჩართეთ-მეთქი, ფილმში გამოვდივარ! მაშინ გენახათ ჩემი საცოდავი ცრემლმორეული თვალები, როცა ვერ დავინახე ჩემი სახე. დავიქადნე, მაინც გადამიღებენ კინოში, ზოგ-ზოგიერთებს დავენიძლავე კიდეც. ღმერთმა ყველა ბავშვს ასე აუხდინოს დაჟინებული, ლამაზი სურვილი, როგორც მე ამიცხადდა”.