მამაჩემმა მშვენიერი ღვინის დაყენება იცოდა, უყვარდა ტანინიანი ღვინო. როგორც ყველა გურული, ადესას ღვინოსაც აყენებდა. იცოდა თუ რა შრომატევადია ვაზის გაშენება, მოვლა და ხშირად ამ ანეგდოტს ყვებოდა: ერთი კახელი გურიაში ჩავიდა მეგობართან – თქვენებური ვაზი მიჩვენეთო გურულმა მიიყვანა თხემლის ხესთან და ადესა უჩვენა: ა, ძამია, ამას არც მორწყვა უნდა, არც დიდი მოვლა, ღვინოც კაი დგება და მას ვსუამთ. კახელმა, რომელსაც კარგად მოეხსენებოდა თუ რა მოვლა-პატრონობა სჭირდება ვაზს, ვერ მოითმინა და უთხრა: კაცო, სინდისი და ნამუსი გაქვთ, რომ ასეთ ღვინოს სვამთო?!~
გურიაში მრავალი ადგილობრივი ჯიში იყო გავრცელებული, საიდანაც მაღალი ხარისხის ღვინო დგებოდა. აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა, XX საუკუნის 30-იან წლებში, საქართველოში აღწერა 420 ვაზის ჯიში (დღეისთვის აღწერილია 500-ზე მეტი), აქედან 59 _ გურიაში. ამ მაჩვენებლით ის II ადგილზეა საქართველოში კახეთის შემდეგ (66 ჯიში), ხოლო გურიის ისტორიული საზღვრების გათვალისწინებით კი _ პირველ ადგილზე. მარტო აქედანაც კარგად ჩანს, როგორ იყო განვითარებული მევენახეობა-მეღვინეობა ჩვენს რეგიონში (http://www.gurianews.com/article/karmidamo-chemi/843).
უცხოელი მოგზაურები გურულ ღვინოს ფრანგულს (ბურგუნდიულს) ადარებდნენ თურმე. 1888 წელს გაზეთი „დროება“ წერდა: „ოზურგეთში, ალ. შევარდნაძის სახლის ქვეშ აღმოუჩენიათ გურიის მთავართა ნამარნევში ნამყოფი ერთი უშველებელი ქვევრი, რომელიც საგანგებოდ გაუკეთებიათ საღმრთო საწირავის საჭურჭლედ. ეს ქვევრი ყოფილა, როგორც ზეპირი გადმოცემა ამბობს, წლის სათვალავი, ესე იგი სამას სამოცდახუთი საწყავი ღვინო ისხმოდა შიგ. ეს ქვევრი ხელოვნურად შემოკირულია და გაკეთებულია. არავის ახსოვს, როდის გაკეთებულა და ჩადგმულა. თავადმა გრიგოლ გურიელმა მოინდომა ამ ქვევრის გატანა და სამი ოთხი დღე ათხრევინა მიწა ორმოცამდე მუშას. ამოსაღებად მოიწვია ადგილობრივი კამანდის 200 კაცი სალდათები და ძლივძლივობით ამოიღეს. თავად გრიგოლს ამ ქვევრის გადმოტანა ორ ქცევაზედ დაუჯდა 200 მანეთი ფული. ამბობენ, როდესაც მამია გურიელი საღმრთოს იქმდა აქ ერთ ორ ვერსტზე სუფრა იყო გამართული და უკანასკნელი 10 000 სულამდის ამ ჭურიდამ სვამდა ღვინოსო. ასე, რომ ერთი მეღვინე მეორეს მიაწოდებდა ამ ქვევრიდან ამოღებულს ღვინოს და ისე ხელის ხელ აძლევდნენო, მაგრამ ქვევრს მაინც ბევრი არ აკლდებოდაო“.
გურიაში ჩამოსულმა შოტლანდიელმა აგრონომმა იაკობ მარმა (ნიკო მარის მამა) დაინახა ადგილობრივი მეღვინეობის შესაძლებლობები. დაბლაციხეში დასახლებული მარი 1841 წლისთვის საკუთარ მეურნეობაში აყენებდა საუკეთესო ხარისხის ღვინოებს ჯანიდან, სხილათუბნიდან და მტევანდიდიდან და წელიწადში 2000-2500 ფრანკის ღირებულების ღვინოს ყიდდა. (http://aboutguria.blogspot.com/2017/12/blog-post.html)
ცნობილი პედაგოგის და საზოგადო მოღვაწის გიგო შარაშიძის მიხედვით, ,,გურია ძველთაგანვე განთქმული იყო თავისი საუცხოო ღვინოებით. საუკეთესო გურული ღვინის თავისებური სინაზე და სურნელოვანება, მცოდნე ხალხის აზრით, კახურ ღვინოზე მაღლა აყენებდა მას. ვენახი მთელ გურიაში იყო გავრცელებული, მაგრამ განსაკუთრებით მაღალი ღირსების ღვინო შემდეგ ადგილებში დგებოდა: საჯავახაოს, ციხეს, ასკანას, ბაღდადს (სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ცხემლისხიდის თემში), შემოქმედს და ლეხოურში. ეს ადგილები აჭარა-გურიის მთების კალთებზე მდებარეობს და მათი ფერდობები შედარებით მშრალიც არის და მზიანიც”.
ფრანგი მოგზაური და მკვლევარი ბარონი დე ბაი, რომელმაც საქართველოში XIX საუკუნის მიწურულს იმოგზაურა, წერდა: ,,…გურიაში იგი (რთველი) მომდინარეობს თითქმის საჰაერო წესით. მართლაც, მაღალი და ტოტებიანი ხეების ძირში დარგული ყურძენი თავის ნებას მიჰყვება, თამამად ადის და იმალება ფოთლებში. მაშასადამე, ყურძენი უნდა მოიკრიფოს ხეების ზემო ნაწილში. ამისთვის ხეებზე ადიან ცილინდრული კალათებით, რომლებიც ტოტებზეა მიმაგრებული ხის დიდი კავით.
რამდენადაც უფრო ბევრია ზემოთ, ყურძნის მტევნები უფრო მსხვილია და ძველი, ვაზის ძირი – არაფერია იმაზე თვალწარმტაცი, ვიდრე ამ ვაზთა გიგანტური ხვეულის ხილვა საუკუნოვანი ხეების ტანის ირგვლივ, როგორც ყურძნის ერთი ხიდან მეორეზე გადასსვლა და ლამაზი ყვავილწნულის შექმნა, რომელთა მტევნები ახლო-ახლოა ჩამოკიდებული.
ვაზი ამ ქვეყანაში ყველა მცენარეთა დედოფალია, ხოლო ღვინო ადამიანისათვის ნამდვილ კულტს წარმოადგენს.
ეს ღვინო შენახულია თიხის უზარმაზარ ჭურჭელში, რომელიც ჩაფლულიაშემოღობილ მიწის ნაკვეთში, სახლის წინ, ხეების ქვეშ, რომელთა სქელი ტოტები მწვანე ტალავერს ქმნის.”
ისევ შარაშიძეს მოვუსმინოთ: ,,(გურიაში) ნაყოფიერი მიწები საკმაოდ იყო და საზღაპრო მოსავალს იძლეოდა. ერთი სიტყვით, იმ დროს ხალხი ჩვენში სულ ცოტა შრომით იკვებავდა და იმოსავდა თავს. მაგრამ, დადგა თუ არა 50-იანი წლები, მეურნეობის საქმე ერთბაშად უკუღმა დატრიალდა არა თუ ჩვენში, ევროპაშიც კი. გაჩნდა ვენახისა და აბრეშუმის საშინელი სენი, რომელმაც სრულიად გაანადგურა მოსავალი ყოველგან.
ამ მოულოდნელმა მოვლენამ ხალხს თავზარი დასცა; იმას, რასაკვირველია, ვერ გამოერკვია, თუ რა მიზეზით დაატყდა თავს ეს საშინელი უბედურება. ზოგი ამ მოვლენას ღვთის რსიხვას აწერდა, ზოგი ,,მზაკვავებს” (კუდიანებს) და ავსულებს აბრალებდა, საზოგადოდ კი იმ აზრის იყვნენ გურულები, რომ ეს ავადმყოფობანი 1855 წლის მზის სრულმა დაბნელებამ გამოიწვიაო და იმედოვნებდნენ, როცა ხელმეორედ მოხდება მზის სრული დაბნელება, იმავე მიზეზით მოვლინებული ჭირნახულის სნეულებანი გაჰქრებიან და ისევ განახლდება აბრეშუმის და ღვინის წინანდელი უხვი მოსავალიო.
კლიმატური პირობების გამო გურიაში მხოლოდ მაღლარ ვენახს აშენებდნენ და მაღალ ხეებზე უშვებდნენ. ამრავლებდნენ განსაკუთრებით ე.წ. გადაწინდვის (გურიაში ,,დამაგინებას” ეტყვიან) საშუალებით, ლერწებით კი არასოდეს. ამასთანავე ვაზს აქ არასოდეს არ სხლავდნენ. გასხლვა საჭირო ხდებოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც იმ მიწაზე, სადაც ვენახი იყო გაშენებული, ყანა ითესებოდა, ასე რომ ამ გამონაკლის შემთხვევაშიც ვაზის ან ვაზიანი ხის გასხლვაც ამ შემთხვევაშიაც უფრო ზიანი მოჰქონდა ვაზისთვის, ვიდრე სარგებლობა, რადგან – ერთი რომ წესიერი გასხლვა არ იცოდენ და მეორე რომ – გასხლული ხის ამონაყარი ყლორტები და ფოთლები ისე ხშირი იყო ხოლმე, რომ ძლიერ ჩრდილავდა ყურძენს, რომელიც ამის გამო კარგად ვეღარ მწიფდებოდა. ამიტომ საუკეთესო ყურძენ მოდიოდა გაუსხლავ ვაზზე და ისეთ ხეებზე, რომელთა მეჩხერ შტოებში თავისუფლად ატანდა მზის სხივები. ასეთი ხეები იყო: ხურმა, კაკლის ხე, ცხემლა, თუთის ხე, მუხა, ბალი… ვენახს მაშინდელ დროში თითქმის არავითარი მოვლა არ სჭირდებოდა. მიუხედავად ამისა, საარაკო მოსავალი იცოდა: ხშირად ერთ ძირ ვაზზე 8 ფუთი (უდრის 16,38 კგ-ს) ღვინის ყურძენი ჩამოდიოდა… ყურძნის კრეფა ჩვეულებრივ ოქტომბრის დამლევიდან იწყებოდა. აქაური ღვინის მაღალ ღირსებას, სხვათა შორის, ისიც მოწმობს, რომ ღვინის გადაღება აქ არასოდეს იცოდენ, მთხლეზე ინახავდნენ და ადგილობრივი მეღვინეების აზრით ასეთი წესით შენახვა უფრო სასარგებლო იყო კარგი ღირსების ღვინოსთვის. ასეთ მდგომარეობაში იყო მეყურძნეობა გურიაში ,,ნაცარის” გაჩენამდე. გვ. 173-174.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში მრავალი ჯიშის ყურძენი დაავადების გამო გადაშენდა. სულ მალე, როგორც ამბობენ, თავად მიხეილ ერისთავის მეშვეობით (სხვა წყაროებით ეს სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის დამსახურებაა) გურიაში ამერიკული ჯიშის ,,იზაბელამ”, ჩვენში ,,ადესად” წოდებულმა მაღლარმა ვაზმა მოიკიდა ფეხი. გადმოცემით ყურძნის ეს ჯიში აღმოაჩინა ვინმე იზაბელაGგიბსმა სამხრეთ კაროლინაში, თუმცა სხვა წყაროები ამტკიცებენ რომ ეს მოხდა ვირჯინიაში, დელავერში და უფრო მეტიც, ევროპის რომელიღაც ქვეყანაში. არ ვიცი რომელი წყაროა სარწმუნო, მაგრამ ვაზმა საპორტო ქალაქ ოდესის გავლით რომ თავი ამოჰყო გურიაში, ეს ნაღდია, სადაც მას სახელი შეუცვალეს და ადესა დაარქვეს. საინტერესოა ლანჩხუთური ადესას ისტორიაც: ამბობენ, ჯუნჯუათელმა ნიკო კვასხვაძემ სადღაც მოიპარა ადესას ლერწი და პირველმა მოაშენა ეს ჯიში ლანჩხუთშიო. სინამდვილეა ეს თუ არა, ძნელი დასადგენია…
,,…ღვინო ღვთის წინაშე ბრევლი მოდის გურიაში, მარა, მოგეხსენებათ, ვერაფელი პატიოსანი ჭკუისაა ჩვენი ადესაი. კაი უნდა აქიდან მოკიდებული გამარტებამდე თუ გაძლო, მერე ისე გადიქცევა. რავაც გინახავს ხავიწი, ლაფერაით თუ ამეიღებ ჭურიდან, თვარა ხრიკი იმას არ ეკარება და აბა ამისანა ღვინის მანათათაც რომ მისცე საპანე, ვინ სულელი იქნება იყიდოს, ისიც მაშვინ, როცა სვირის ზედაში თავზე სასხამათ მოდის ამ ბოლო დროს. მოგეცა სიცოცხლე ადესამ ფული იცოდა აგერ ორი სამი წლის წინათ, როცა ზავოთობა იყო მაშვინ. მე რომ ერთი მარტოხელა ინწრო მამულის პატრონი კაცი ვარ, საცხა მეც კი გავყიდდი შვიდი რვა თუმნის ოტკას და სხვა ხომ ათ-ათ თუმნობითაც აკეთებდენ წელიწადში. მარა წევიდა ის დრო და ესეც თან წეიღო, არა, ზავოთობა კი არ წოუღია, ზავოთობის ნება ახლაც ქია, მარა ახლა ვინ იქნება, გადარეულის მეტი, ზავოთი ეიღოს. დღე და ღამე რომ ქალიან კაციანათ წელში გაწყტეს, მარტო პატენოის ქირას ვერ გეისტუმრებს, იმდონია ბაჟი. მეტი რაღა გინდა, უბრალო საოტკე კარდალას კაკალი ოცი მანეთი უჭრის დღე ღამესი და შენ რა შავი ქვა დაგრჩება მოსაგები. ახლა თუ მივადგებით და ვყლურჭავთ ამ ჩვენ ადესაის ღვინოს, თვარა მეტაი აფელათ გვარგია, მხოლოთ ამ უთავბოლო ყლურწვიდან, რაც ხეირი გამოდის, შენ ქე იცი, ის – რაც შენს იმერეთში: თრობა ოხრობა და მერე ერთქამეთს უმღვდელოდ ნათვლა, ესე იგი თავ-პირის მტვრევა…” (ერთი ძველი გაზეთიდან).
ივერია (1886, #226) ეხმიანებოდა გურულების გასაჭირს: ,,ბუნებით ლხინისა და სტუმრის მოყვარე გურულები უღვინოთ ვრჩებით. მართალია, მას აქეთ, რაც ნაცარმა გაიმარჯვა ჩვენზე და მაღლარი ვაზები გადაგვიხმო, შემოვიღეთ იზაბელა (აქ ადესას ეძახიან) ვაზის გაშენება, მაგრამ საუბედუროდ, ძლიერ მდარე ღვინო დგება იზაბელას ყურძნისაგან და ისიც გაზაფხულამდის მოუნაყელი ვერ დარჩება. მარტის შემდეგ იმის სმას უსმელობა სჯობია: ზოგს თვალებსა სტკენს, ზოგს ტანის ქავილს დაჰმართებს ხოლმე, ზოგს მუწუკებს უჩენს ტანზე და სხვანი. ამბობენ, აზნაური სიო ბერიძე იზაბელას ყურძნისაგან ჩინებულ ღვინოს აყენებსო. შეიძლება, ესეც იყოს, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ჩვენში თითქმის არავინ არ ჰფიქრობს ამაზე და არავინ არ აქცევს ამ საგანს ყურადღებასა. საკვირველია, თუ კი ბ-ნმა ბერიძემ მოახერხა და კარგი ღვინოები დააყენა, რატომ სხვები კი არა სცდილობენ მიჰმართონ ამ პატივცემულს კაცს და არა სწავლობენ მისგან ამ სახეირო სარფა საქმესა”.
ასეა თუ ისე, ადესამ მაინც დაიმკვიდრა ჩვენს ცხოვრებაში ადგილი და დღესაც უამრავ ადგილას შეხვდებით ტალავერსა თუ ხეებზე გაშვებულ ადესას ვაზს. დასასრულს კი ამონარიდი გურული მოჯირითეს დღიურიდან: ,,ნამეტნავად გევიხარეთ ყველამ. იმ საღამოს გეიშალა დიდი სუფრა: რაც იქინე სასმელი დეილია ვისკი და ოტკა ნუ იტყვი, მარა ჩვენებურ ადესაის ფასი არც ერთი არაა. ბიჭეფმა მომიყვენ გურიის ამბები.”, ასე წერდა სამშობლოს მონატრებული, ამერიკაში გადახვეწილი უცნობი გურული, რომელიც შემთხვევით გურულ მოჯირითეებს შეხვდა.
გაუმარჯოს გურიას! ალავერდი ყველასთან!