ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურიდან ორი სკამი და ერთი მაგიდა აიღეს. ამის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში.
“ჩვენთვის მსგავსი ინფორმაცია არ არის ცნობილი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან არანაირი ბრძანებულება არ გაცემულა სკამების და მაგიდის აღებასთან დაკავშირებით.“- გვითხრეს პრესსამსახურში.
ადგილობრივების თქმით, სკამები და მაგიდა დროებით აიღეს იმის გამო, რომ ამ ფანჩატურით სკოლის მოსწავლეები სარგებლობდნენ.
“მოსვენება არ გვქონდა, დავისვენეთ, რაც ეს სკამები და მაგიდა ავიღეთ. დროებით შევინახეთ და გაზაფხულზე დავდგამთ. ის, რაც ხდებოდა ფაჩანტურში, ეს არის ჩვენთვის მიუღებელი. დაღამებამდე თამაშობდნენ ჩვენთვის უცნობი ბავშვები კარტს, იყო ყვირილი, ხმაური. ამასწინათ მაგიდას ცეცხლიც კი გაუკიდეს, რატომ და რისთვის, ვერ გავიგეთ. დილიდან საღამომდე აქ იყვნენ. სანაგვედ აქციეს ყველაფერი, შეგიძლიათ თქვენ თვითონაც ნახოთ და დარწმუნდეთ ჩვენს ნათქვამში“, _ გვითხრეს ადგილობრივებმა.