რუსთავის საქალაქო სასამართლომ ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა და მას პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.
ცნობისთვის, დღევანდელ სასამართლო სხდომამდე ბრალდებული რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში იმყოფებოდა.
საქმეზე შემდეგი სხდომა 4 აპრილს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში 13 წლის მოზარდის მკვლელობისთვის ბიძა რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს, თუმცა, კლინიკამ მის დასატოვებლად 3 000 ლარი მოითხოვა.
როგორც ბრალდებულის მეგობრები ამბობენ, 9 თებერვალს შენიშნეს, რომ მათი მეგობარი “რაღაც არაადეკვატურად იქცეოდა” და გადაწყვიტეს კლინიკაში წაეყვანათ. მათ თავდაპირველად რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს მიმართეს, სადაც გადასხმა გაუკეთეს და უთხრეს, რომ მამაკაცი მათი პაციენტი არ არის და თბილისში გადაყვანაა საჭირო.
როგორც „ტაბულასთან“ ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის ცენტრის დირექტორი, ლაშა კილაძე ამბობს, მამაკაცი 9 თებერვალს, დაახლოებით, 21:45 საათზე ნარკოლოგიურ განყოფილებაში შეიყვანეს და მან მორიგე მედპერსონალთან ურთიერთობის შემდეგ ნებაყოფლობით მკურნალობაზე უარი თქვა, „ფსიქოზი ან განსაკუთრებით მწვავე მდგომარეობა“ არ ჰქონდა.
გარდა ამისა, ლაშა კილაძე ეხმაურება მამაკაცის მეგობრების განცხადებასაც იმის თაობაზე, რომ ნარკოლოგიურში მისი არ დატოვების მიზეზი წინასწარ 3000 ათასი ლარის გადახდის მოთხოვნა იყო. ცენტრის დირექტორის თქმით, ეს არალოგიკურია, რადგან როცა პაციენტი უარს აცხადებს სტაციონარში მკურნალობაზე, ნებისმიერი მკურნალობა უკვე გამორიცხულია, მათ შორის ფასიანიც, ამიტომ თანხას ვერ მოითხოვდნენ.