დღეს, თორმეტი საათისთვის მერიის შენობის მიმდებარედ არსებულ სკვერში ნადირობის მოყვარულმა გურულებმა მორიგი, წინასწარ დაანონსებული აქცია გამართეს და ის რეგულაციები გააპროტესტეს, რომლითაც მათ კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ნადირობა ეკრძალებათ. გარდა ნადირობისა, აქციაზე შეკრებილებმა, პარკის ტერიტორიაზე საშეშე მერქნის მოპოვების მხრივ შექმნილ პრობლემებზეც გააკეთეს აქცენტი.
აქციის მონაწილეები, რომელთა შორის არალანჩხუთელებიც იმყოფებოდნენ, ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კუთვნილ ფართობზე კოლხეთის ეროვნული პარკის ფორმირებამ უდიდესი პრობლემა შეუქმნა ნადირობის მოყვარულებს.
„სამინისტრომ თითქოს მოლაპარაკების გზა არჩია ჩვენთან ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რაც ექვსი თვე მიმდინარეობდა, მაგრამ კონკრეტული შედეგი მაინც ვერ დაიდო. ჩვენ ვითხოვთ დაესვას ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს წერტილი და ტრადიციული გამოყენების ზონაში სამომავლოდ დაიშვას ნადირობა გადამფრენ ფრინველებზე, კანონში შევიდეს ცვლილება; განისაზღვროს საშეშე მერქნის მოპოვების მიზნით, საშეშე მერქნის მოპოვების დროდ ზაფხულის პერიოდი, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე; მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე გადაიხედოს კოლხეთის ეროვნული პარკის, ლანჩხუთის ტერიტორიაზე მკაცრი და ტრადიციული ზონის საზღვრები; გათვალისწინებულ იქნას ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები, რომლებიც ეწევიან ფერმერულ საქმიანობას.
ჩვენი ეს მოთხოვნა სოციალური ქსელის საშუალებითაც გავავრცელეთ რამდენიმე დღის წინ. მთავრობის წარმომადგენლები მოლაპარაკებების დროს კატეგორიულები არიან და დაცული ტერიტორიის საზღვრების გადახედვაზე უარს ამბობენ. ამ ტერიტორიას სანადიროდ მარტო ადგილობრივები იყენებენ, აქ სანადიროდ ჩამოდიან ჩოხატაურიდან, ოზურგეთიდან, აჭარიდან და დასავლეთ საქართველოს სხვა რაიონებიდან. ამ დროს კი მთავრობა გვეუბნება, რომ ამ ადამიანებმა ავდგეთ და თოფები ჩავალაგოთ.
მიდა ვთქვა, რომ არც ერთი მოლაპარაკება, რომელიც აქამდე გვქონდა მთავრობასთან, არ იძლევა იმაზე ფიქრის საფუძველს, რომ ეს პრობლემა სამართლებრივი გზით მოგვარდება. გვეუბნებიან, მკაცრი ზონის საზღვრებს ვერ შევცვლით, ტრადიციული გამოყენების ზონაში ვერ დავუშვებთ ნადირობას და საერთოდ, უარს ამბობენ კანონში ცვლილების შეტანაზე.
თუკი ეს მოლაპარაკებები მთავრობასთან ისევ გაგრძელდება, მაშინ კეთილი ინებონ და ეს შეხვედრა საჯარო გახადონ, ღია ეთერის საშუალებით, რომ ყველამ დაინახოს რეალურად რას გვთავაზობენ“, _ აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სულხან პატარაიამ.
აქციის მონაწილეთა გადაწყვეტილებით, შემდგომში სწორედ პატარაია იქნება მათი ინტერესების გამომხატველი კომისიაში, რომელიც კოლხეთის ეროვნულ პარკთან დაკავშირებით შექმნილია და მოლაპარაკებებს აწარმოებს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეებს ლანჩხუთის მერის პირველი მოადგილე გოგი ფაცურია შეხვდა და გადაწყდა, რომ მონადირეების ჯგუფთან ერთად საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართება შეხვედრა, სადაც მოხდება მათ მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა საკითხების განხილვა.