„გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთი, ანასეულის ტერიტორიაზე, მრავალ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე ვანდალურად გაიჩეხა წაბლის და ნაძვის მრავალწლოვანი ხეები, რომელიც, ძირითადად, ღობის სარებად გამოიყენა მფლობელმა. ნაწილი კი საშეშედ დახერხილი, ერთ მიტოვებულ ეზოშია თავმოყრილი. ჩვენივე წყაროს ცნობით, ფართობი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს ლავრენტი ბიგვავას ეკუთვნის.
„გურია ნიუსი“ აღნიშნულ ტერიტორიაზე მივიდა, სადაც ნარუჯაში მცხოვრები ცოლ-ქმარი, ილარიონ და თამარ კახაძეები, საშეშე მასალად მორებად დახერხილ ნაძვის (კრიპტომერია) ხის მასალას საკუთარი მინი-ტრაქტორის ძარაზე აწყობდნენ…
„გურია ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს, ლავრენტი ბიგვავას დაუკავშირდა.
_ კი, ვიცი ამ ფართობის შესახებ. ეს არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. ჩემი ნათესავი ქვრივი ქალისაა. იჯარით აქვს აღებული. ვეხმარები. მანდ რამდენიმე ხე შეისხეპა. მხოლოდ ის მოიჭრა, რომელიც გამხმარი იყო, _ გვითხრა მან.
ჩვენ, ასევე, დავუკავშირდით გარემოს დაცვითი დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამსახურის უფროს სპეციალისტს, ვალერიან ჯინჭარაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ ადგილზე უკვე გავიდნენ თანამშრომლები, დაითვლება რამდენი ხეა მოჭრილი, გაეცნობიან საიჯარო ხელშეკრულებას და თუ კანონდარღვევაა, იქნება რეაგირება.
ვრცელ მასალას ამ თემაზე „გურია ნიუსი“ უახლოეს საგაზეთო ნომერში შემოგთავაზებთ.