„საქმე ისე მიდის, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც მაქებარი არავინ დარჩა, ფიქრს იმის შესახებ დაიწყებს, სად დაიმალოს“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ.
სანიკიძე მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ სჭირდება, რადგან მმართველმა პარტიამ გასაფუჭებელი უკვე გააფუჭა“.
_ბატონო გუბაზ, მმართველ პარტიაში ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი აღარ ირიცხებიან და როგორც ცნობილია, უმრავლესობას ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ -დემოკრატებიც“ გამოეყოფა. როგორ ფიქრობთ, საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვის შემდეგ, „ქართული ოცნება“ საპარლამენტო უმრავლესობასაც დაკარგავს?
_ ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ სჭირდება, რადგან მმართველმა პარტიამ გასაფუჭებელი უკვე გააფუჭა. ყველასთვის ცნობილია, რომ პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა კომკავშირის ცეკა შექმნა, რაც კარგად ჩანს. მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესები არავის უნდა გაუკვირდეს.
_“ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია „ქართული ოცნება_დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გაკრიტიკებისგან კვლავ თავს იკავებს და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას პარლამენტის თავმჯდომარის თანამოაზრეებს აკისრებს. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ ბედავს ბესელია ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ დაუპირისპირდეს?
_ ეკა ბესელიამ არჩევანი უნდა გააკეთოს. რომ გვეუბნება ირაკლი კობახიძე არის ყველაფრის ინიციატორიო, ამ ქვეყანაში ამ ვერსიის ვინმეს სჯერა?! კობახიძე არაფერია, ცარიელი ადგილია. რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას, რაც ჩემზე კარგად ეკა ბესელიამ იცის. თუ ბესელია ასე გააგრძელებს, პოლიტიკაში ისე დაიკარგება, როგორც ბევრი ადამიანი დაიკარგა. ვფიქრობ, რაღაც ეტაპზე ბესელია ბიძინა ივანიშვილსაც გააკრიტიკებს. თუ არ გააკრიტიკებს და ქვეყანა არ დაიქცევა, კიდევ ერთი ადამიანი დაგვემატება თუ არა ამ ჭეშმარიტების აღიარებაში, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ისედაც კარგად ვიცით, რომ ამ ქვეყანაში მთავარი დამნაშავე და საქართველოს წინსვლის ხელისშემშლელი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია.
_ეკა ბესელიამ ფრაქციის შექმნა დაანონსა, ჯერჯერობით, უცნობია, კონკრეტულად ვის სახელებსა და გვარებს ვიხილავთ ბესელიასთან ალიანსში, თუმცა პოლიტიკურ წრეებში აქტიურად მუსირებს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის ალტერნატიულ ოპოზიციურ ძალას წარმოადგენს. როგორ ფიქრობთ, “ოცნებასთან“ პოლიტიკური გაყრის შემდეგ, ეკა ბესელიას უკან კვლავ ბიძინა ივანიშვილი დგას?
_ ყველაფერს დრო გვიჩვენებს. სატელიტი პარტიები საქართველოში დიდხანს ვერ არსებობენ. საქმე ისე მიდის, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც მაქებარი არავინ დარჩა, მალე ფიქრს დაიწყებს იმის შესახებ, სად შეიძლება დაიმალოს. ივანიშვილს სატელიტური პარტიების გამოძერწვის თავი აღარ აქვს.
_ დეპუტატების ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ოდიოზურ მოსამართლეებს ექომაგება და ეკა ბესელიას თანამოაზრეებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აიგივებს, საპარლამენტო მუშაობას უწუნებს. ამ ფონზე, გამორიცხული არ არის, რომ პარლამენტმა ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში დააყენოს. შექმნილ პოლიტიკურ კონიუნქტურას პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენება გამოასწორებს?
_ გადააყენებენ თუ არა ირაკლი კობახიძეს, არა აქვს მნიშვნელობა. მაინტერესებს, კობახიძის მაგივრად რომელ მოკაშკაშე ვარსკვლავს მოიყვანენ?! ამ პარლამენტს არაფერი უშველის, რადგან უკვე მკვდარია.