ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება”-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე 28 წლის ბექა გამდლიშვილი ხელმძღვანელობს.
ბექა გამდლიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია 24 იანვარს შეავსო. დოკუმენტით ირკვევა, რომ იგი მარტო ცხოვრობს და ფლობს 1 501 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში, რომელიც 2015 წელს 3 000 დოლარად აქვს შეძენილი.
დეკლარაციის შევსების დროს გამდლიშვილს “თი ბი სი” ბანკის დეპოზიტზე 8 000,1 ევრო ჰქონდა; ამავე ბანკის სახელფასო ანგარიშზე 1 732,81 ლარი, ხოლო მიმდინარე ანგარიშზე _ 14,26 ლარი.
დოკუმენტით ირკვევა, რომ გამდლიშვილმა, გასულ წელს ხელფასის სახით 20 400 ლარი მიიღო.
მმართველი ფრაქციის თავმჯდომარეს სესხიც აქვს _ 2018 წელს “თი ბი სი” ბანკში აღებულ 4477.47 ლარის ოდენობის სესხზე, გასულ წელს 2 490,32 ლარი აქვს გადახდილი.
დეკლარაციის თანახმად, ბექა გამდლიშვილმა გასულ წელს ძვირადღირებული საჩუქარი მიიღო _ როგორც დოკუმენტში წერია, 1 560 ევროს ღირებულების მობილური ტელეფონი მას დედამ აჩუქა.