„ის, რაც „ქართულ ოცნებაში“ ხდება, არ მომწონს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ტრაგედიაც არ არის. იმედი მაქვს, რომ „ქართულ ოცნებას“ ეყოფა ძალები იმისთვის, რომ 2020 წლის არჩევნებში განახლებული ძალებით წარდგეს. ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყანა წინ არ მიდის. 2012 წლის შემდეგ არის მიღწევები, მაგრამ ეკონომიკაში პროცესები საშუალოზე დაბალი ტემპით ვითარდება. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემაა ფინანსური სექტორის მხრიდან კონკურენციის შეზღუდვა, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, უმრავლესობის დატოვებას არ ვაპირებ“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ ფრაქცია „ქართული ოცნება – რეგიონების განვითარებისთვის“ თავმჯდომარემ კახაბერ ოქრიაშვილმა.
ოქრიაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ლიდერები უნდა გამოჩდნენ.
„მე ვარ მომხრე გაშლილი ლიდერობის კონცეფციის, როდესაც ყველაფერი ერთ ლიდერზე არ არის დამოუკიდებელი. ვთვლი, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ლიდერი ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახით და აუცილებელია, გუნდში ტლიკინა ბიჭების ნაცვლად, რომლებიც ვერაფერს აკეთებენ, ლიდერები შემოიკრიბონ. ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი ქვეყნისა და „ქართული ოცნების“ საქმე კარგად წავიდეს“,_ აღნიშნა ოქრიაშვილმა.
ჩვენ დავინტერესდით, რას ფიქრობს დეპუტატი ირაკლი კობახიძის საპარლამენტო საქმიანობის შესახებ და თვლის თუ არა, რომ ის ღირსეული პარლამენტის თავმჯდომარეა. ოქრიაშვილი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციაზე ბევრი იმუშავა და მხოლოდ დადებითად შეუძლია შეაფასოს.
„კონკრეტულ პიროვნებებს ნუ შევეხებით, პარლამენტის თავმჯდომარე ორი წელია აღნიშნულ თანამდებობას იკავებს. მან კონსტიტუციაზე ბევრი იმუშავა და დადებითად შემიძლია შევაფასო. ამჟამად კარგი ან ცუდი რაღაცების თქმისგან თავს შევიკავებ. ზოგადად, ამ ადამიანის მიმართ ნორმალურად ვარ განწყობილი“, _ აღნიშნა ოქრიაშვილმა.