„გოგონებს, რომლებიც დროთა განმავლობაში მიყვარდა და ცოლად უნდა მომეყვანა იტაცებდნენ“, _ ყვება „გურია ნიუსთან“ მსოფლიოს ათ საუკეთესო მასწავლებელს შორის მყოფი ლადო აფხაზავა, რომლის პირადი ცხოვრება, ბოლო დღეებია, საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესოა.
პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს, თუმცა, ჩვენთვის გამონაკლისი დაუშვა და ისეთ დეტალებზე ისაუბრა, რაც ამ დრომდე არავისთვის გაუმხელია.
„ცხოვრებაში 3 ძალიან მაგარი შეყვარებული მყავდა, თუმცა, არცერთი ურთიერთობა არ შედგა. ორ შემთხვევაში საქმე დაქორწინებამდეც კი მივიდა, მაგრამ ერთი 2 დღით ადრე მოიტაცეს, მეორე კი ქორწინებამდე 1 კვირით ადრე“, _ იხსენებს ლადო.
რაც შეეხება მესამე გოგონას, იმ დღეს, როცა მასზე უნდა დაქორწინებულიყო დედა გარდაეცვალა:
_ იმ პერიოდში დედა ავად იყო და ჩემი შეყვარებული ხშირად დადიოდა სახლში. ერთ დღესაც დაქორწინება დავგეგმეთ _ ყველაფერი მზად იყო. სუფრაც გავშალეთ და გოგოც ჭიშკართან იყო მოსული, როცა დედა გარდაიცვალა. რა თქმა უნდა ის გოგო მიბრუნდა და მისი ცოლად მოყვანის თავი მქონდა მაშინ?!, _ იხსენებს ლადო აფხაზავა.
მისივე თქმით, ამის შემდეგ წლები მარტოობაში გავიდა:
_ ამ ყველაფრის შემდეგ ჩემი სახლი დაიშალა, დალპა. უკვე სახლიც არ მქონდა. პატარა ქვის სახლი მაქვს, რომელიც ვერა და ვერ გავარემონტე და სულ მუქ ფერებშია, შავ კარკასში ვცხოვრობ და არაფერი ისეთი ქონება მე არ დამიგროვებია და ცოლი როგორ უნდა მომეყვანა?! შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ბავშვები გამოჩნდნენ, რომლებიც უკვე ჩემს თავზე მეტად შემიყვარდა და მამასავით ვუყურებ. რომ ვფიქრობ, დედის და მამის გარდაცვალებამ შემიშალა ხელი.
როცა ჩემი მშობლები იყვნენ ცოცხლები და სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა, რატომღაც მამაჩემსაც და დედაჩემსაც ვეხვეწებოდი _ ცოლი მინდა მოვიყვანო თქო, და გაგიჟებულები იყვნენ. რა დროს შენი ცოლია, სკოლა ახლა დაამთავრე და ისწავლეო. გურულად რომ ვთქვათ, ნამეტანი აღერღილი ვიყავი. ნეტავ, მაშინ მომეყვანა, _ ამბობს ლადო, რომელიც რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ისევ შეყვარებულია.
მისი რჩეული იმერელი გოგოა, თუმცა მის შესახებ სხვა დეტალებს არ ამხელს:
_ შემიძლია ის გითხრათ, რომ პედაგოგი არ არის. პედაგოგს დიდი სიამოვნებით მოვიყვანდი, მაგრამ ყველა პედაგოგს, რომელიც ჩემს ასაკს შეეფერება, სესხი აქვს გამოტანილი და სესხი მე რომ მაქვს გამოტანილი ის მეზარება და ახლა ამდენს ვეღარ შევძლებ.
ახლა შევიძინე ბინა იპოთეკით. 6 წელი უნდა ვიხადო 550 ლარი თვეში, თუმცა, რაც შემცირებაში მოვყევი და სპეც. მასწავლებელი აღარ ვარ, ძლივს ვიხდი ამ სესხს. ამიტომ სანამ სესხს დავასრულებს და გავარემონტებ ამ სახლს, 6 წელი მაინც უნდა გავიდეს. შესაბამისად ცოლს ჯერ ვერ მოვიყვან, _ აღნიშნავს ლადო აფხაზავა.
ამავე თემაზე: რატომ გაათავისუფლა სამსახურიდან ლანჩხუთის გამგებელმა მსოფლიოს საუკეთესო ათეულში დასახელებული პედაგოგი
ლადო აფხაზავა “მასწავლებლის გლობალური ჯილდოს” ათ ფინალისტს შორისაა