ლას-ვეგასის ერთ-ერთ ავტოფარეხში ცოტა ხნის წინ მცირე აუქციონი გაიმართა. აუქციონზე გამოტანილი ნივთები არც ისე ძვირი იყო, ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი მათგანი ბრიტანელმა კოლექციონერმა სულ რაღაც 5 დოლარად შეიძინა. ამ ამბავში თითქოს უცნაური არც არაფერია, სანამ არ დავაზუსტებთ იმას, თუ რა ნახატზეა საუბარი. დიახ! 5 დოლარად შეძენილი ნახატი არც მეტი არც ნაკლები ცნობილი ამერიკელი მხატვრის, _ ენდი უორჰოლის ნამუშევარი აღმოჩნდა.
კოლექციონერმა ნახატზე ავტორის ავტოგრაფი მაშინ აღმოაჩინა, როცა მას ჩარჩოში სვამდა. დაკვირვების შემდეგ ენდის ხელწერის ამოცნობა არ გასჭირვებიათ. ნახატზე გამოსახულია 1930-იანი წლების პოპულარული ამერიკელი მომღერალი რუდი ველი, სწორედ მისი ტუჩების შესრულების მანერა დაეხმარა კოლექციონერს ამოეცნო ენდი უორჰოლის ადრეული შემოქმედებითი შტრიხები.
იღბლიან კოლექციონერს დაახლოებით, ნახევარ მილიონად შეფასებული ნახატი ხელში 5 დოლარად ჩაუვარდა, მიუხედავად ამისა ის ნახატის გაყიდვას არ აპირებს.
ფილდსი უიორჰოლის ნამუშევარს მუზეუმს გადასცემს და ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომს გახდის.
ამერიკელი მხატვრის ენდი უორჰოლის ნამუშევრები მსოფლიო კოლექციონერებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მხატვრის ერთ-ერთი ნამუშევარი „რვა ელვისი“ 2008 წელს 100 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ენდი უორჰოლი ამერიკელი მხატვარი, ავანგარდისტი, კინოხელოვანი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე იყო. მუშაობდა, როგორც გამომცემელი, მუსიკის პროდიუსერი და მსახიობი. პოპ-არტი ენდი უორჰოლის სახელთან ასოცირდება. საჟურნალო სატატიებში მას პოპის პრინცად მოიხსენიებდნენ. ენდიმ ადრეული ასაკიდანვე გამოამჟღავნა ხატვის ნიჭი. სკოლის დამთავრების შემდეგ კომერციული ხელოვნების შესწავლას მიჰყო ხელი. 1949 წელს იგი ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად და ჟურნალების ილუსტრატორად დაიწყო მუშაობა. ძალიან მალე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ილუსტრატორი გახდა.
უორჰოლი ყველაზე უკეთ ცნობილია მისი სავაჭრო პროდუქტების შეფუთვების გაფორმებითა და მეოცე საუკუნის პოპულარული ვარსკვლავების მერილინ მონროს, ელვის პრესლის, ჟაკლინ კენედის, ჯუდი გარლანდისა და ელისაბედ ტეილორის მისი სტილიზებული პორტრეტებით. უორჰოლის ეკუთვნის აგრეთვე ცნობილი სასმელის Coca-Cola -ს ეტიკეტის დიზაინი.