გასულ უქმეებზე, ქალაქ ფოთში, საფეხბურთო კლუბ “კოლხეთი 1913”-ის ყოფილი ფეხბურთელის, ტრაგიკულად დაღუპული ბიძინა ჩემიას სახელობის ტურნირი გაიმართა. ტურნირში ფოთის, სენაკის, ზუგდიდის, ხობისა და ლანჩხუთის საფებურთო სკოლები მონაწილეობდნენ.
“გურიას” პირველი შეხვედრა “ფოთი 2”-თან მოუწია და დაამარცხა კიდეც 6:2. შემდეგ შეხვედრაში ლანჩხუთელებმა ზუგდიდელ თანატოლებს სძლიეს _ 5:2. რაც შეეხება ნახევარფინალს, აქ გურულებს სენაკის წარმომადგენლებთან მოუწიათ დაპირისპირება და აქაც იმარჯვეს _ 4:2.
დაძაბული გამოდგა “გურია”-“კოლხას” ფინალური დაპირისპირება. თამაში “გურიას” შეტევებით დაიწყო და დაწინაურდა კიდეც გუნდი ორბურთიანი უპირატესობით, თუმცა, შემდეგ მეგრელებმა მოახერხეს თამაშის შემობრუნება, ზედიზედ სამი გოლიც გაიტანეს და წინ გავიდნენ. თუმცა, იმ დღეს საფეხბურთო ფორტუნა აშკარად გურულთა მხარეს აღმოჩნდა _ საბოლოოდ, 4:3 გაიმარჯვა კიდეც და საპატიო თასსაც დაეუფლა. გარდა ამისა, ტურნირის საუკეთესო მცველად ლანჩხუთელი ოთო ჩხეტია აღიარეს, ხოლო ბომბარდირი მისივე თანაგუნდელი საბა ცანავა გახდა ცხრა გატანილი გოლით.