მართალია, ლანჩხუთში ჭადრაკის ახალი სახლის გახსნა ოფიციალურად ჯერ არ მომხდარა, თუმცა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამართულ ჩემპიონატს უმცროს ასაკობრივ კატეგორიაში მასპინძლობა უკვე გაუწია. როგორც გაირკვა ამ ტურნირის გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ ორ მარტს ქალაქ ფოთში გასამართ საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში.
ჩემპიონატში, სადაც სულ 35 მოჭადრაკე არკვევდა უძლიერეს მოჭადრაკეს, რვაწლიან გოგონებში პირველი ადგილი ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ნატა იმნაძემ დაიკავა. ნატამ ტოლი არც ბიჭებს დაუდო და მათთან ერთად მ3სამე -მეექვსე ადგილები გაიყო. შეჯიბრში პირველი ადგილი შესანიშნავი შედეგით შვიდიდან შვიდი გამარჯვებით არავის დაუთმო მეორე საჯარო სკოლის მოსწავლემ რევაზ ჩიკაშუამ. მერე ადგილზე პირველ სკოლელი ლუკა კოზანაშვილი გავიდა ექვსი ქულით.
დაძაბული გამოდგა ათწლიან მოჭადრაკეთა ტურნირი. საბოლოოდ პირველი ადგილი 5,5 ქულით პირველი საჯარო სკოლის მოსწავლემ ლადო ქავზინაძემ აიღო, მერე ადგილი ასევე პირველ სკოლელ დავით პატარაიას ერგო, მესამეზე კი ლუკა კვირკველია გავიდა ნიგვზიანის საჯარო სკოლიდან.
რაც შეეხება 12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს ბიჭებს შორის, აქ ოთხი ნორჩი მოჭადრაკე გამოდიოდა. ამ ჩემპიონატის ინტერესს აფართოებდა ის, რომ ჩემპიონს გამოეყოფოდა დაფინანსება საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში მონაწილეობის მისაღებად და საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობის კანდიდატიც ხდებოდა. ეს უფლებები საბოლოოდ მიხეილ აფხაზავამ მოიპოვა. მან სამი შესაძლებლობიდან 2,5 ქულა მოიპოვა.
რაც შეეხება გოგონებს, აქ ერთმანეთს მარიამ სარიშვილი და მარიამ ჩხაიძე ეპაექრებოდნენ. საბოლოოდ გამარჯვება მარიამ ჩხაიძეს ერგო (3:1) და ჩემპიონის ტიტულიც დაისაკუთრა.