ლანჩხუთის მერიის სხდომათა დარბაზში მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, უნარშეზღუდული ბავშვების სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნის თაობაზე პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, საკითხით დაინტერესებული პირები და გრიგოლეთში მოღვაწე მონაზონი ემილია ესწრებოდნენ.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, ცენტრის მშენებლობის იდეა, დაინტერესებულ მოქალაქეთა ჯგუფთან ერთად, ლია სერგეევას მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მისი მცირეწლოვანი შვილი საქართველოში ჩამოიყვანა და მაგნიტური ქვიშით მკურნალობამ დადებითი შედეგები გამოიღო.
მერიაში გამართულ შეხვედრას იდეის ავტორიც ესწრებოდა, რომლის თქმითაც, ცენტრის მშენებლობა უკვე ორ წელზე მეტია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება 100 000 ლარს აღემატება.
“შენობა მზადაა, შიდა სარემონტო სამუშაოები დასრულებულია და მალე საჭირო ინვენტარითაც აღიჭურვება. ცენტრის მშენებლობა, ძირითადად, შემოწირულობებით გახორციელდა. ცენტრი 80-მდე ბავშვს მოემსახურება. სამკურნალოდ მაგნიტური ქვიშის გამოყენება იგეგმება და საშუალება მიეცემა შშმ ბავშვებს საჭირო მკურნალობა და რეაბილიტაცია ადგილზე ჩაიტარონ”, _ ითქვა პრეზენტაციისას.