დღის წესრიგის შესაბამისად, ლანჩხუთის საკრებულოს თებერვლის თვის შემაჯამებელ სხდომაზე დეპუტატებს სამ ძირითად საკითხზე უნდა ემსჯელათ. აქედან ერთ საკითხზე მიიღეს გადაწყვეტილება, ხოლო დანარჩენ ორზე საჯარო-ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
როგორც მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას მოხსენებიდან გაირკვა, მუნიციპალიტეტს დამატებით გამოეყო თანხა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გასახორციელებლად, ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მრავალბინიანი სახლების სახურავების რეაბილიტაციისთვის. სწორედ ამ და სხვა ღონისძიებების ბიუჯეტში ასახვის მიზნით, საკრებულომ ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დასტური მისცა მერიას და მისაღებ ცვლილებებზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
დღის წესრიგით გათვალისწინებული ძირითადი საკითხების ამოწურვის შემდეგ, სხდომაზე ჯერი “სხვადასხვაზე” მიდგა, სადაც უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა გიორგი ჩახვაძემ აქცენტი მერიის სოციალურ სამსახურში შექმნილ მდგომარეობაზე გააკეთა და აღმასრულებელ რგოლს იქ არსებული სამუშაო პირობების მოწესრიგება მოთხოვა:
“თაგვის სუნით ყარს იქაურობა, ოთახში ვერ შეხვალ, ისეთი მდგომარეობაა. ჩავიდეთ და ვნახოთ, რა ხდება მერიის შენობის პირველ სართულზე”.
უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა ზაზა წულაძემ კი მერიის წინ მდებარე სკვერში არსებული მდგომარეობა გააკრიტიკა და სხდომაზე მყოფებს მასთან ერთად სკვერში გასეირნებაც შესთავაზა რეალობის უკეთ აღსაქმელად:
“კატასტროფული მდგომარეობაა, ფილები ამოყრილია, წვიმიან ამინდში ადამიანებს წყალში უწევთ სიარული. ვინც ფეხით დავდივართ, კარგად ვხედავთ, რა დღეშიცაა იქაურობა. ვისაც მანქანები გყავთ, წავიდეთ და ერთად დავათვალიეროთ რაც ხდება მერიის წინ. კეთილი ინებოს და გამოასწოროს მდგომარეობა, ვისაც ეს ეხება”, _ აღნიშნა წულაძემ.
კოლეგის ამ შენიშვნას მხარი გვიმბალაურის მაჟორიტარმა ციცო ურუშაძემაც დაუჭირა და სხდომაზე მყოფებს სკვერთან ერთად მერიის შენობის უკანა ტერიტორიისთვისაც ურჩია თვალის გადავლება:
“სრულად ვეთანხმები ზაზა წულაძეს, თუმცა, ამ შენობის უკან რა მდგომარეობაა, იმასაც მივაქციოთ ყურადღება. არაერთი სამსახურია იქ _ სოცსააგენტო, საოლქო კომისია, რესურსცენტრი. უბრალოდ, ნორმალურად მისასვლელი გზა არაა ამ სამსახურებამდე, არადა, ყოველდღიურად უამრავი ადამიანი გადაადგილდება ამ ტერიტორიაზე. ხალხს იმის საშუალება კი უნდა ჰქონდეს, რომ ქალაქის ცენტრში მაინც შეძლონ ადვილად გადაადგილება”.
დეპუტატების მხრიდან გამოთქმული შენიშვნები სხდომაზე მყოფმა მერმაც გაიზიარა: “ზამთრის პერიოდი იყო და თავი შევიკავეთ სამუშაოებისგან, რათა ხარისხიანად მომხდარიყო გზების გაკეთება. მერიის წინ მდებარე სკვერთან დაკავშირებით კომპანიას ვალდებულებები აქვს და ის აუცილებლად მოაწესრიგებს ქვაფენილს. რაც შეეხება მერიის უკან არსებულ გზებს, ისიც მოწესრიგდება. სადაც მძიმე მდგომარეობაა, აუცილებლად მოხდება მისი შეკეთება”, _ თქვა ალექსანდრე სარიშვილმა.