დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა შედგა, სადაც საკრებულოს წევრები, მერიის მიერ ბიუჯეტის პროექტით წარმოდგენილი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გამოყოფილი თანხით დაინტერესდნენ.
ავტოპარკის განახლებისთვის საჭირო თანხა 300 ათას ლარს შეადგენს.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია, თანხის განკარგვამდე შემუშავდეს პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ავტოპარკის განაწილებას.
_ აღნიშნული თანხის განკარგვამდე, მიზანშეწონილად მიმაჩნია, მოხდეს შესაბამისი წესის პროექტის შემუშავება, საკრებულოს მიერ დამტკიცება, რომელიც უზრუნველყოფს ავტოპარკის განაწილებას, მის გამოყენებას რაციონალურად და თავსებადი იქნება მთავრობის დადგენილებასთან. საკრებულო მიადევნებს თვალს ამ პროცესს და აქტიურად ჩაერთვება წესის შემუშავებაში, _ თქვა მან.
_ ფაქტობრივად, ასეც ვაპირებთ, _ უთხრა ღურჯუმელიძეს მერის პირველმა მოადგილემ ალეკო სურგულაძემ.
დეპუტატებს საწინააღმდეგო აზრი არ გამოუთქვამთ და მხარი დაუჭირეს მერიის მიერ ბიუჯეტის პროექტით წარმოდგენილ სატრანსპორტო საშუალებებისთვის სამასი ათასი ლარის გამოყოფას.