თბილისის საკრებულომ დღეს დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე უნდა იმსჯელოს და დაამტკიცოს. გუშინ ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც ფაქტებს ეყრდნობოდა, ბოტანიკური ბაღის 14 ათას კვადრატულ მეტრს სტატუსი ეცვლება და მასზე მშენებლობის ნებართვა გაიცემა, აღნიშნული ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის სოლოლაკის სასახლეს ესაზღვრება.
ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ, დღეს, დედაქალაქის მერმა გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ აღნიშნულთან ივანიშვილს კავშირი არ აქვს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლის მიდებარე ტერიტორიას სტატუსი არ შეეცვლება და ე.წ. რეკრეაციული ზონა -1, რეკრეაციული ზონა 2-ით, არ ჩანაცვლდება:
„არ არის ეს სწორი, თქვენ შეცდომაში შეგიყვანათ ოპოზიციამ, ტელეკომპანია „რუსთავი2“. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. გაჟღერებული იყო, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი იქ აკეთებდა რაიმე მშენებლობას და ა.შ. ეს რბილად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება სიმართლეს. ბიძინა ივანიშვილს ამ ტერიტორიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. რახან ესაზღვრება, ეს არ ნიშნავს რომ ივანიშვილის საკუთრებაა. ამ ადგილს არანაირი სტატუსი არ ეცვლება”, _ აცხადებს კალაძე.