სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის ინფორმაციით, სოფლის რკინიგზის სადგურის შენობის კერძო პირზე გასხვისება იგეგმება, რაც, მათი თქმით, კატეგორიულად დაუშვებელია. როგორც ისინი ამბობენ, სადგურის გასხვისება პრობლემას შეუქმნის არამარტო სუფსის, არამედ ამ სადგურით მოსარგებლე მიმდებარე მთიანი სოფლების მცხოვრებლებსაც.
“უკვე თვეებია, რაც ხმები დადის, რომ სოფლის რკინიგზის სადგურის შენობა კერძო პირზე უნდა გასხვისდეს.
“ეს სადგური აგებულია 1898 წელს, არის ისტორიული, რომლის კედლებსაც დღემდე ბზარი არ გასჩენია და წარმოადგენს საზოგადოებრივ საკუთრებას. უყურადღებობის გამო, წლებია, ვერ მოხერხდა შენობის სახურავის შეცვლა, რის გამოც დალპა და განადგურდა შენობის კარები და ფანჯრები, ჭერი.
ახლა ვრცელდება ხმა, რომ ამ შენობას ვიღაც “კეთილი ადამიანი” გაარემონტებს და აქ ბავშვებისთვის საჭიდაო დარბაზს გახსნის. გამოდის, რომ სადგური შეწყვეტს ფუნქციონირებას და მგზავრებს თავშესაფარი აღარ ექნებათ.
ყველამ კარგად იცის, რომ სუფსის რკინიგზის სადგურის გაუქმება პრობლემებს შეუქმნის არა მხოლოდ სუფსის მოსახლეობას, არამედ მის მიმდებარე მთიანი სოფლების მცხოვრებლებს: შრომას, ჩოჩხათს, ჩქუნს, ხორეთს, გულიანს, კოკათს და სხვას, რადგანაც ისინიც ამ სადგურით სარგებლობენ, ამიტომაც არ უნდა დავუშვათ პრეცედენტი, რომ ამ შენობამ ფუნქციონირება შეწყვიტოს და გაიყიდოს”, _ ამბობს სუფსის რკინიგზის სადგურის შესაძლო გასხვისებით შეწუხებული მოსახლეობა. ადგილობრივები, რომლებიც შენობის გასხვისებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, იმასაც ამბობენ, რომ შენობა დროულად მოსაწესრიგებელია _ “ჩამტვრეულია ფანჯრები, სკამები არაა. ზოგადად ძალიან ცუდ მდგომარეობაშია აქაურობა”.
ცნობისთვის, სუფსის რკინიგზის სადგურის კერძო პირზე შესაძლო გასხვისების საკითხი ადგილობრივებმა საპრეზიდენტო არჩევნების წინ, პარლამენტის წევრ ნინო წილოსანთან გამართული შეხვედრის დროსაც გააჟღერეს, სადაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებიც იმყოფებოდნენ. მაშინ ამ საკითხზე მსჯელობისას შეხვედრაზე მყოფმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას აღუთქვეს, რომ სადგურის შენობა მთლიანად რკინიგზის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადავიდოდა და გარემონტდებოდა.
ინფორმაციის გადამოწმებას, დგას თუ არა დღის წესრიგში სუფსის რკინიგზის სადგურის გასხვისების საკითხი, “გურია ნიუსი” ლანჩხუთის მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელთან, მაკა სულაბერიძესთან შეეცადა, რომლის თქმითაც, სადგურის შენობა მუნიციპალიტეტის საკუთრებას წარმოადგენს და დღის წესრიგში არ დგას მისი გასხვისების საკითხი.
სუფსის რკინიგზის სადგურის კერძო პირზე შესაძლო გასხვისებას არც თემის მაჟორიტარი დეპუტატი, ზურაბ კუკულავა ადასტურებს:
“ჭორია ეს ამბავი _ არანაირად არ იგეგმება ამ შენობის ვინმესთვის კერძო საკუთრებაში გადაცემა”, _ ამბობს კუკულავა, რომელიც ადასტურებს შენობის ავარიულ მდგომარეობას.
“როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ამ შენობის ნაწილი მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, ნაწილი კი თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის, რაც გარკვეულ დაბრკოლებებს გვიქმნის, რომ შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები გავახორციელოთ. მოკლედ, მუნიციპალიტეტს საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებული ჰყავს ზემდგომი ინსტანციები და იმედი გვაქვს, ეს პრობლემა მოგვარდება”, _ დასძინა კუკულავამ.