პირველი აპრილიდან 40 წელს გადაცილებულ 200 ათასამდე მოქალაქეს უფლება აქვს დატოვოს საპენსიო სისტემა, თუმცა საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ რეფორმის მიღმა დარჩენილთა რაოდენობა მცირე იქნება.
როგორც „რადიო იმედის“ ეთერში ლევან სურგულაძემ განაცხადა, „დაინტერესებულმა პირმა 1-ელი აპრილიდან ერთი თვის განმავლობაში უნდა მიმართოს სააგენტოს განცხადებით და მოითხოვოს სისტემის დატოვება. მას სამი თვის დანაზოგიდან, მხოლოდ მისი შენატანი, უკან დაბეგრილი თანხა დაუბრუნდება”, – თქვა ლევან სურგულაძემ.
„ვეცდებით თანხა დროულად დაბრუნდეს. მიმდინარეობს მოლაპარაკება სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, რომ მათ ოფისებშიც მოხდეს განაცხადების მიღება, განსაკუთრებით რეგიონებში“, – დასძინა სურგულაძემ.
კითხვაზე, რატომ არ ხდება ელექტრონული განაცხადით სისტემის დატოვება, საპენსიო ფონდის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ეს აუცილებელია იდენტიფიცირებისა და რისკებისგან დასაზღვევად.
„ბანკში ვერ გახსნით ანგარიშს თუ პირადად არ მიხვედით. ჩვენც ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ“, – განაცხადა სურგულაძემ. მისი თქმით, დარჩენილ დროში კიდევ ერთხელ შეეცდებიან ამ ადამიანების დარწმუნებას, თუ რა სიკეთე მოაქვს საპენსიო რეფორმას.
ბოლო მონაცემებით, საპენსიო ფონდში 107 მილიონი ლარია აკუმულირებული. სისტემაში ჩართულია 620 ათასი დასაქმებული და 47 ათასზე მეტი კომპანია. რაც შეეხება 40 წელს გადაცილებულ დასაქმებულებს, მათი რაოდენობა 200 ათასია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.