ნუ გვახსენებთ ის ადამიანები, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მაგიდის ქვეშ იმალებოდით, აქ ნუ ვაჟკაცობთ, იქ გევაჟკაცათ, აქ ნუ იყურებით მუსკულებზე, _ ეს განცხადება, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, საკანონმდებლო ორგანოში პლენარულ სესიაზე გააკეთა.
ბესელია “უსამძიმრებს” იმ ადამიანებს, რომლებმაც, მისი თქმით, პარტია თანამედროვე „შარიკოვებს“ დაამსგავსა.
„ვინც თანამდებობის გამო სახე დაკარგა, იმ ჩემს ყოფილ პარტიაში და დაამსგავსა ეს პარტია თანამედროვე „შარიკოვებს“, ძალიან ვუსამძიმრებ ყველა იმ ადამიანს“, – აღნიშნა ბესელიამ.
ეკა ბესელია დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხს გამოეხმაურა. დეპუტატმა ყოფილი თანაგუნდელები მწვავედ გააკრიტიკა.
„რას დაამსგავსეთ ეს პარლამენტი? ყალბი პათეტიკით ლაპარაკს და რეპლიკებს თავი დაანებეთ. „ნაციონალურ მოძრაობას“ ნუ გვახსენებთ ის ადამიანები, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მაგიდის ქვეშ იმალებოდით, აქ ნუ ვაჟკაცობთ, იქ გევაჟკაცათ, აქ ნუ იყურებით მუსკულებზე”, _ განაცხადა ეკა ბესელიამ.