ლანჩხუთში, სოფელ ზემო აკეთის მოსახლეობა უგზოობას უჩივის. მათი ინფორმაციით, გზის ავარიული მდგომარეობის გამო, რაიონულ ცენტრში ჩამოსასვლელად მსუბუქი ავტომანქანის მძღოლებს, ძირითადად, შემოვლითი გზით უწევთ სარგებლობა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფლის ცენტრალურ გზაზე მსუბუქი ავტომანქანებისთვის გადაადგილება მას შემდეგ გახდა შეუძლებელი, რაც ჩინური კომპანიის კუთვნილმა ავტომანქანებმა დაიწყეს აღნიშნულ გზაზე მოძრაობა.
“ისედაც დაცლილია მოსახლეობისგან აკეთი, გზის არარსებობა კი უფრო ამძაფრებს მდგომარეობას და დღითიდღე იცლება აქაურობა. გაგვიმართლა, რომ წელს საკმაოდ მშრალი და თბილი ზამთარი იყო, თორემ ჩვენი გაჭირვება მაშინ გენახათ. თუმცა, არც ახლა ვართ კარგ დღეში, აქაურობა მაინც რთულ მდგომარეობაშია. მზიან ამინდშიც კი მსუბუქი მანქანებისთვის აქ გავლა შეუძლებელი ხდება. ზემო აკეთში, ე.წ. “ინწრუასთან” ტალახისგან შექმნილი ჭაობის გამო ავტომანქანებს უჭირთ მოძრაობა, მცირედი წვიმის დროსაც კი ტალახითა და ლაფით იფარება აქაურობა, რის გამოც მსუბუქი ავტომანქანები მხოლოდ შემოვლით, აცანის გზით გადაადგილდებიან. ეს პრობლემა, გზის ამ მონაკვეთზე, ჩინური კომპანიის კუთვნილი, მძიმეწონიანი ავტომანქანების მოძრაობამ უფრო გაამძაფრა. ერთი ძლიერი წვიმაც კი საკმარისია, რომ სოფელი საერთოდ გზის გარეშე დარჩეს. თუ ასე გაგრძელდა, ტრანსპორტი საერთოდ ვეღარ შეძლებს აქ გავლას”, _ ამბობენ ადგილობრივები და სოფლისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისგან მეტ ყურადღებას ითხოვენ.
მოსახლეობის ინფორმაციით, სოფელს გზის პრობლემა წლებია აწუხებს და არა ერთი თხოვნის მიუხედავად, ამ პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა.
“მიგდებული და უპატრონო სოფელი გვაქვს, კაციშვილი არაა ჩვენი ამბის მკითხავი. წლებია უკვე, რაც უგზოობის პრობლემა გვაწუხებს. ამ ხნის განმავლობაში მთავრობები კი გამოვიცვალეთ, მაგრამ ჩვენს პრობლემას მაინც არაფერი ეშველა და სოფელს ხეირიანი გზა არ ეღირსა. ეტყობა, მოსახლეობა ვართ ამაში დამნაშავე, რადგან ერთსულოვნება ვერ გამოვიჩინეთ და კარგად ვერ ვთქვით ჩვენი სათქმელი მთავრობის გასაგონად. აბა, სირცხვილი არაა, სოფლის ცენტრალური გზა ამისთანა დღეში იყოს?! სოფელში დარჩენილებსაც გვინდა, ბატონო, ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, რამდენიმე ოჯახს სახლთან მისასვლელი გზაც კი არ აქვს”, _ ამბობს მოსახლეობა, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, აქციის გამართვასაც არ გამორიცხავენ.
სოფლის ცენტრალური გზა რომ ავარიულ მდგომარეობაშია და ავტომანქანებს შემოვლითი გზით უწევთ სარგებლობა, “გურია ნიუსთან” საუბრისას ადასტურებს სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მორჩილაძე. მისი თქმით, ავტობანზე მომუშავე მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობის გამო, სოფლის ცენტრალური გზა ხშირად ზიანდება და რეაბილიტაციას საჭიროებს:
“თითქმის, ყოველ ორ კვირაში საჭიროებს ეს გზა შეკეთებას. მძიმეწონიანი მანქანების ხშირი მოძრაობის გამო, მართლაც ძალიან ცუდი მდგომარეობაა შექმნილი. ამ გზის შეკეთების ვალდებულება ჩინურ კომპანიას აქვს, რომლის მანქანებიც ამ გზით სარგებლობენ. არაერთხელ შეაკეთეს კიდეც. მე, პირადად, მაქვს მათთან ხშირი კომუნიკაცია. ბოლო პერიოდშიც რამდენჯერმე დავუკავშირდი და ვთხოვე პრობლემის მოგვარება. დამპირდნენ, რომ როგორც კი ამინდები გამოვა, გზას გააკეთებენ. ვნახოთ, ველოდები გამოდარებას”, _ გვითხრა მორჩილაძემ.