„ნებისმიერ ვერსიას აქვს არსებობის უფლება. ერთი მხრივ, არ გამოვრიცხავ, რომ ეკა ბესელიას ფარულ ჩანაწერებს „ქართული ოცნებიდან“ მისი ყოფილი თანაგუნდელები ავრცელებენ, მაგრამ მეორე მხრივ, ჩანაწერების გამავრცელებლები, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, რომ მმართველ პარტიაში დაძაბულობა შეიტანონ.
აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიება ძალიან ცუდად ტარდება. აშკარად ჩანს, რომ გამოძიება ემსახურება არა სახელმწიფოს, არამედ ხელისუფლების ინტერესებს. გამოძიების რეაგირება პირადი ცხოვრების ჩანაწერებზე შემაშფოთებელია“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.
ჩვენ დავინტერესდით, იმ ფონზე, როცა საზოგადოების დიდ ნაწილს სოციალურ-ეკონომიკურად ძალიან უჭირს, ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოს, პარლამენტის პოლიტიკური ანგარიშსწორების ველად გადაქცევა, რამდენად სწორია?!
„დღეს ხელისუფლება მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობს. „ქართულ ოცნებას“ სახელმწიფოსთვის არ სცალია. აღნიშნული პარტია არა წარმატებისთვის, არამედ გადარჩენისთვის იბრძვის. 2020 წელს მივიღებთ ისეთ მოცემულობას, რომ პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატთა 40% იქნება წარმოდგენილი. ადამიანები, რომელთაც ხელში სახელმწიფოს მართვის სადავეები აქვთ, მათ შორის, ირაკლი კობახიძე და მამუკა ბახტაძე, ხელისუფლებაში საიდან მოვიდნენ?! ის, რომ ასეთი კატეგორიის ადამიანები სახელისუფლებო მმართველობის სათავეებში ხვდებიან, დიდი პრობლემაა“, _ განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ზაქარეიშვილს ვკითხეთ, რა მოტივით აკრიტიკებს მმართველი პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს, შალვა შავგულიძეს, „ევროპულ საქართველოსთან“ გაერთიანების გამო, მაშინ, როცა „ქართულ ოცნებას“ წინა რეჟიმის დანაშაულებრივი საქმეების შემსრულებლები სხვადასხვა სტრუქტურაში, მათ შორის, სასამართლო სისტემაშიც ჰყავს?
„ქართული ოცნების“ აზრით, თურმე შალვა შავგულიძე არის ცუდი კაცი იმის გამო, რომ გირგვლიანის მკვლელებს შეეკრა და თავზე რომ გვასვამენ ლევან მურუსიძეს _ ანგელოზი. შავგულიძე, რომელიც მთაწმინდის ოლქში ან გაიმარჯვებს ან არა, უარეს შემთხვევაში, ერთჯერადი ფენომენია და ლევან მურუსიძე კი, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“, ფაქტობრივად, სასამართლო სისტემა ჩააბარა, სისტემური. შავგულიძესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრების არგუმენტები, უბრალოდ, ცინიკურია“, _ აღნიშნა ზაქარეიშვილმა.