დათო ჭოველიძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში ცხოვრობს. სოფელში დედაქალაქიდან 10 წლის წინ ჩამოვიდა და როგორც თავად ამბობს, წასვლას არსად აპირებს.
_ სოფელი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. 10 წლის წინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ აქ ჩამოვსულიყავი. ამ პერიოდის განმავლობაში მეურნეობა გავაშენე. ძალიან მიყვარს აქაურობა და ვფიქრობ, სოფელში ბევრი უნდა დაბრუნდეს. ამის მოწოდებას ხელისუფლებაც აკეთებს, მაგრამ იმ პირობებში, რაც სოფლებშია, ვფიქრობ ბევრი ვერ იცხოვრებს, _ ამბობს დათო ჭოველიძე, რომელიც წლებია მის უბანში არსებული, შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია ითხოვს:
_ წლებია, ადგილობრივ ხელისუფლებას ამ გზის გაკეთებას ვეხვეწებით, თუმცა, უშედეგოდ. საუბარია 150 მეტრის გზაზე, რომელიც ე. წ. “მერაბიშვილების გადასახვევთან”, შუა ამაღლების და გოგოლესუბნის საზღვარზე მდებარეობს. ეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მყოფი გზაა და არაა კერძო საკუთრება. ჩოხატაურის მერთან პირადადაც ვიყავი, თან არაერთხელ, მაგრამ ჩემს ვიზიტებს შედეგი არ მოჰყოლია. არადა, მართლა გამოუვალი მდგომარეობაა. აქ გავლა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. განსაკუთრებით წვიმიან ამინდში, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას დავით ჭოველიძემ.
მისივე თქმით, ჩოხატაურის მერი და მისი წარმომადგენელი ამ სოფელში, აღნიშნულ უბანს სამი წლის წინ ესტუმრნენ, დახმარების პირობაც მიიღეს, თუმცა, პირობა არავის შეუსრულებია:
_ ასფალტის დაგებას არ ვითხოვთ. ვთხოვთ, რომ ხრეში მაინც დაყარონ, წვიმიან ამინდში გავლა რომ შევძლოთ. გაუსაძლისი მდგომარეობა გვაქვს _ ვერც სასწრაფო სამედიცინო დახმარება შემოდის და ვერც ვერანაირი მანქანა. მარტო ტრაქტორით თუ შეძლებთ გადაადგილებას. აქედან სანამ გზაზე გავა ადამიანი, თავიდან ფეხებამდე ტალახშია ამოსვრილი, _ გვითხრა ჭოველიძემ.
ჭოველიძის ბრალდებებს უარყოფს ჩოხატაურის მერი _ ირაკლი კუჭავას თქმით, მის საკარმიდამოსთან მისასვლელი გზა კერძო საკუთრებაზე გადის:
_ ვერ გავიზიარებ ამ შეფასებას, რადგან “მერაბიშვილების უბანში” გზის რეაბილიტაციის პროექტი გასულ წელს მომზადდა და უკვე გამოცხადებულია ტენდერი სამუშაოების შესრულებაზე, რომელიც მალე დაკონტრაქტდება.
თუ იგულისხმება გოგოლესუბნისა და შუა ამაღლების საზღვარზე მცხოვრები ჭოველიძეების საკარმიდამოსთან მისასვლელი გზა, ეს მონაკვეთი გადის კერძო საკუთრებაზე. ამ ოჯახში ნამყოფი ვარ. ინერტული მასალა მივაწოდეთ, კიდევ ვიმეორებ ეს კერძო საკუთრებაა. ამ ოჯახმა 2017 წელს მოგვმართა განცხადებით სახურავის დაზიანების გამო, რომელიც იმავე წელსვე დაკმაყოფილდა. ჩვენ შევეცდებით ხელი შევუწყოთ მათ მომავალშიც, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კუჭავამ.