ლანჩხუთის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ლელა ჩახვაძე კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს დავით წულაძეს სიტყვიერ ტერორში სდებს ბრალს და მას სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ უპატივცემულობაში ადანაშაულებს.
„სიტყვის გამოხატვის თავისუფლებისთვის მთელი ცხოვრება ვიბრძოდი. რას ვიტყვი, ეს ჩემი გადასაწყვეტია. არ იქნება საწყენი თუ გამაკრიტიკებთ და საპირისპირო აზრს გამოთქვამთ, მაგრამ ის, რაც ხდება, დაუშვებელია. ერთი წელია ჩვენი ფრაქცია ითხოვს წერილებზე პასუხს, 10 ა(ა)იპ-დან, რვამ ოპტიმალურ დროში მოგვაწოდა ინფორმაცია, ორიდან კი აქამდე პასუხი არ მიგვიღია. ერთ-ერთი აქედან „კეთილმოწყობის სამსახურია“, რომლის უფროსი მირეკავდა და მეუბნებოდა _ შენ ვინ გეკითხება, რა გინდა, რა შენი საქმეაო. ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებსაც ეუბნებოდა ჩემს საწინააღმდეგოდ რაღაცებს. ვინმეს დასაჭერად კი არ ვითხოვ ინფორმაციებს სამსახურებიდან, არამედ მინდა, რომ ჯანდაცვის ცენტრში მოადგილეს იმდენივე ჰქონდეს ხელფასი, რამდენიც ტურიზმის ცენტრში აქვს. როგორც ჩანს, ზოგიერთი სამსახურის უფროსი ფსიქოლოგიურად ვერაა მზად ხელმძღვანელობისთვის და სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ სრულ უპატივცემულობას იჩენს.
ეჭვი მიჩნდება, რომ ის სამსახურები, რომლებიც არ პასუხობენ ჩვენს წერილებს და არ გვაწვდიან ინფორმაციას, გარკვეული ფინანსური გარღვევები გააჩნიათ. ჩემს თანაფრაქციელებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ ვაპირებ მივმართო სახალხო დამცველს, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, მივმართო სასამართლოს და მოვითხოვო რომ „კეთილმოწყობის სამსახურში“ ფინანსური პოლიცია შევიდეს. ეს ნამდვილად არაა ჩემი ახირება, თავად ამ სამსახურის უფროსი მხდის იძულებულს მივიღო მსგავსი გადაწყვეტილება. თქვენ ხართ, ბატონო მერო, ა(ა)ი პ-ბზე პასუხისმგებელი და ამიტომაც მოგმართავთ”, _ აღნიშნა ლელა ჩახვაძემ საკრებულოს სხდომაზე გამოსვლისას. იქვე იმასაც გაუსვა ხაზი, რომ მის მიერ მერიიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე, რომელიც პრემიალური ანაზღაურების გაცემის საკითხს ეხებოდა, პასუხი, ჯერჯერობით, არ მიუღია.
დეპუტატის მხრიდან ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს საკრებულოს სხდომაზე მყოფმა მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა უპასუხა და აღუთქვა, რომ საქმეს აუცილებლად მიეცემა სამართლებრივი მსვლელობა.
„ის, რაც თქვენ თქვით, რომ სამსახურის უფროსი გირეკავთ და გაშანტაჟებთ, ეს დანაშაულია, რასაც აუცილებლად მოჰყვება სათანადო რეაგირება“, _ დასძინა მერმა.
ჩახვაძის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ კომენტარისთვის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელს დავით წულაძეს დაუკავშირდა. იგი დეპუტატის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს არ ადასტურებს.
„გარკვეული მიზეზების გამო, ნამდვილად გამომრჩა, მიმეწოდებინა ლელა ჩახვაძის ფრაქციის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია, თუმცა, მზად ვარ ნებისმიერ დროს მივიდე ფრაქციის სხდომაზე და სამსახურის ანგარიში ჩავაბარო, არც პოზიციას და არც ოპოზიციას არ ვემალები.
რაც შეეხება ჩემი მხრიდან მის მიმართ სიტყვიერ ტერორსა და შანტაჟს, სრული აბსურდია. ადრე კი ვმეგობრობდით მე და ლელა, თუმცა, სამი წელია მასთან არანაირი სატელეფონო კავშირი არ მქონია, ერთხელაც არ დამირეკავს მისთვის“, _ ამბობს წულაძე.