კინორეჟისორი, დოკუმენტალისტი და მკვლევარი, ირაკლი მახარაძე ინიციატივით გამოდის, რომ ლანჩხუთში, ნინოშვილის ქუჩაზე, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წინ მდებარე მოედანს გურული მხედრების სახელი მიენიჭოს. ამასთან დაკავშირებით ლანჩხუთში პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებაც იწყება.
„კარგი იქნება თუ ლანჩხუთში, საიდანაც იყვნენ უმეტესობა მხედრებისა, ნინოშვილის ქუჩაზე, ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წინ მდებარე მოედანს ეწოდოს გურული მოჯირითეების სახელი და დაიდგას ბრინჯაოს კომპოზიცია. ეს იქნება პატივისცემის გამოხატვა გურული მხედრების მიმართ და ასევე ღირშესანიშნაობა ჩამოსული სტუმრებისათვის“, _ წერს ირაკლი მახარაძე, რომელიც ავტორია წიგნისა „ველური დასავლეთის მხედრები”, სადაც გურულ მოჯირითეებზეა მოთხობილი.
ცნობისთვის, აღნიშნულ მოედანზე მანამდე სტალინის ბიუსტი იდგა, თუმცა, გასულ წელს დაუდგენელმა პირებმა იგი კვარცხლბეკიდან ჩამოაგდეს და დაამტვრიეს, თან ისე, რომ მისი აღდგენა შეუძლებელი შეიქნა.