ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა ჟღენტისა და ლია სიხარულიძის ოჯახი, ციტრუსოვანთა ჩირს თავდაპირველად საოჯახო პირობებში აშრობდა. როცა ნახეს, რომ შესაძლებელი იყო, ამ საქმით მცირე ბიზნესი წამოეწყოთ, გადაწყვიტეს, როგორმე პატარა საშრობი მაინც ეყიდათ.
ასე გაკეთდა რამდენიმე კილოგრამი მანდარინის, ლიმონის, ფორთოხლის, კივის და ფეიჰოას ჩირი. საუკეთესო ტექნოლოგიური პროცესების გავლის შემდეგ, შედეგიც საუკეთესო დადგა.
მცირე ბიზნესის დაწყების გარიჟრაჟზე იუზა ჟღენტმა მოახერხა გერმანიაში, ბერლინში გამოფენა-გაყიდვაზე თავისი პროდუქციის წარდგენა, სადაც მანდარინის ჩირმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
_ არც ველოდი, თუ კონკრეტულად მანდარინის ჩირი ასეთ მოწონებას დაიმსახურებდა. საკუთარი პროდუქციის რეკლამა რომ არ გამომივიდეს, მე მხოლოდ რჩევის სახით მივმართავ ყველას, ვისაც საკარმიდამო ნაკვეთში მანდარინის პლანტაციები აქვს. განსაკუთრებით მოუარონ და მიხედონ ციტრუსოვნებს. საქართველოში მოყვანილ მანდარინს მსოფლიოში ძნელად ეძებნება ანალოგი. შესაძლოა, ვინმეს საეჭვოდ მოეჩვენოს ჩემი განცხადება, მაგრამ ასეა. ახლა, მთავარია, თითოეულმა ადამიანმა გაითავისოს ეს რეალობა. ერთ დღეში არაფერი გაკეთდება, მაგრამ თუ უფრო მეტად გავირჯებით, მალე ერთ ცალ მანდარინსაც არავინ დაალპობს და გადააგდებს. ჩვენი მანდარინის ჩირი ევროპის ბაზარზე უცხო, ეგზოტიკური პროდუქტია. მას საუკეთესო მომავალი აქვს, ოღონდ საჭიროა ჩვენი ძალისხმევა, _ ასეთ რჩევას გვთავაზობს იუზა ჟღენტი ჩვენი მკითხველებისთვის, დაინტერესებულ მეურნეთათვის.
იუზა ჟღენტის და ლია სიხარულიძის განმარტებით, მანდარინის ჩირზე, როგორც ბიოპროდუქციაზე, საუბარი ნაადრევია.
_ ასე რომ იყოს, საამისოდ ბიოპლანტაცია უნდა გვქონდეს, ეს კი ნაადრევია. მარტო ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად ჯერ დრო გვჭირდება. შეუწამლავ პლანტაციაში კი მოსავალს ვერ მივიღებთ. თუმცა, ჩვენი პროდუქცია არის ეკოლოგიურად სუფთა და შესაბამის ბაზარზე სწორედ ასეთი განმარტებით გასვლა თავისუფლად არის შესაძლებელი, _ ამბობს მეწარმე.
მანდარინის ჩიპსები, იგივე ჩირი, მხოლოდ საჭმელად გამოიყენება. ასევე, გამოიყენება ფორთოხლის, კივისა და ფეიჰოას ჩირი. მათ ფართოდ იყენებენ საკონდიტრო წარმოებაშიც, ლიმონის ჩირი კი, დაქუცმაცებული ფორმით, საუკეთესოა ჩაიში.