საქართველოში კანაფის კულტურის მოყვანის შესახებ სამთავრობო წინადადებამ ხალხის მასობრივი პროტესტი კი გამოიწვია, თუმცა, შეჩერებული კანონპროექტს კვლავ გააქტიურებენ თუ არა, არავინ იცის.
ჩვენ გვინდა, ერთგულ და დაინტერესებულ მკითხველებს, ვესაუბროთ ეთერზეთოვანი კულტურების უდიდეს მნიშვნელობაზე, მისი განვითარების ისტორიაზე საქართველოში და დავარწმუნოთ ყველა, ამ კულტურების მოყვანას და ნატურალური ეთეროვანი ზეთების წარმოებას რაოდენ დიდი ეკონომიკური აღმავლობის მოტანა შეუძლია.
ეთერზეთოვანი კულტურები ისეთი მცენარეებია, რომლებიც ფოთლებში, თესლებში, ფესვებში და ახალგაზრდა ყლორტებში შეიცავენ აქროლად, სურნელოვან, ძვირფას სამეურნეო მნიშვნელობის მქონე ნივთიერებებს _ ეთეროვან ზეთებს, რომლებიც წამოადგენენ რთულ ორგანულ შენაერთებს და თავისუფალი სახით არიან მცენარეებში. ზოგ შემთხვევაში კი შაქრიან ნივთიერებათა შენაერთებში, გლუკოზიდები სახით გვხვდება.
ეთეროვანი ზეთი გროვდება მცენარის განსაკუთრებულ სათავსოებში, როგორც ორგანოების ზედაპირზე _ ეგზოგენური, ისე ორგანოების შიგნით _ ენდოგენური, რომელიც მცენარის განვითარების გარკვეულ სტადიაში განიცდის ცვლილებებს, როგორც შემცველობის, ისე ხარისხის მხრივ, რაც გარკვეულ კანონზომიერებას ექვემდებარება მოსავლის აღებასთან დაკავშირებით.
ნატურალური ეთეროვანი ზეთების წარმოებას დიდი მნიშვნელობა აქვს მრეწველობის მთელი რიგი დარგებისთვის, როგორიცაა პარფიუმერიაში სუნამოების, კრემების, პომადების, კბილის პასტების და საპნის წარმოებაში სასიამოვნო სუნის მისაცემად. მის გარეშე წარმოუდგენელია საკონსერვო და საკონდიტრო წარმოება, მაღალხარისხოვანი ლიქიორების, არყის, ღვინის, უალკოჰოლო სასმელების, კანფეტების დამზადება; გამოიყენებენ პურ-ფუნთუშის, რძის, ხორცის და თევზეულის წარმოებაში, ჩაისა და თამბაქოს არომატიზაციის საქმეში.
ეთეროვან ზეთებს დიდი რაოდენობით გამოიყენებენ, ასევე, ქიმიურ და ფარმაცევტულ მრეწველობაში, მედიცინაში, ვეტერინარიაში, როგორც ანტისეპტიკური თვისებების მქონე ნივთიერებებს; კულინარიაში, როგორც საუკეთესო სანელებლებს.
ეთერზეთოვანი კულტურების უმრავლესობა გამოიყენება, როგორც ლამაზი დეკორაციული მცენარეები ბაღ-პარკების დასამშვენებლად. თითქმის ყველა ეთერზეთოვანი მცენარე თაფლოვანია და დიდი მნიშვნელობა აქვს მეფუტკრეობაში: ნედლეულის გადამუშავების შედეგად მიღებული ცხიმების და პროტეინების შემცველი ანარჩენები საუკეთესო საკვებია მეცხოველეობაში.
სამშობლო ამ კულტურებისა მსოფლიოს ტროპიკული და სუბტროპიკული ქვეყნებია, საიდანაც დაიწყო პირველად მათი ინტროდუქცია, დეკორაციული მცენარეების მიზნით. სოხუმის და ბათუმის ბოტანიკურმა ბაღებმა შემდგომი ინტროდუქცია კიდევ უფრო გააფართოვა ეთეროვანი ზეთების მიღების მიზნით.
ინტროდუქცირებული მცენარეები კარგად შეეგუენ საქართველოს ნესტიან და მშრალი ზონის ეკოლოგიურ, კლიმატურ და ნიადაგობრივ პირობებს და ზოგიერთი მათგანი: ვარდის გერანი, ევგენოლური რეჰანი, პაჩული და მრავალი სხვა ერთწლიან სამეურნეო მნიშვნელობის მცენარედაც გადაიქცა, გამომდინარე მათი დამოკიდებულებიდან, დაბალი ტემპერატურის მიმართ.
დღეს ბევრმა, იქნებ, არც კი იცის, რომ სუბტროპიკულ კულტურათა წარმოების ძირითად ბაზას ყოფილ საბჭოთა კავშირში, საქართველო წარმოადგენდა: აფხაზეთის, აჭარის, სამეგრელოს, კახეთის და მარნეულის რაიონებში ასამდე სპეციალიზებული მეურნეობა, კოლმეურნეობა თუ ქარხანა აწარმოებდა ეთერზეთოვან კულტურებს. ყველაზე დიდი აბაშის ქარხანა იყო, რომელიც დღე-ღამეში 80-100 ტონამდე ნედლეულს ამუშავებდა. ამ ქარხანასთან მუშაობდა აგრეთვე იზოევგენოლის _ რეჰანის ზეთის მეორადი გადამუშავების პროდუქციის საამქრო. აღნიშნული ქარხნები ამუშავებდნენ ევგენოლური რეჰანის, ვარდის გერანის, ყაზანლიკური ვარდის, დაფნის, ევკალიპტის ჟასმინის და სხვა ეთეროვან ზეთებს.
საჭიროა და აუცილებელიც, დღევანდელმა დაინტერესებულმა თაობამ იცოდეს, რომ 1961 წელს კანადის ქალაქ მონრეალში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე ქართული საუკეთესო ღვინოების და კონიაკების გვერდით წარდგენილი იყო საქართველოში დამზადებული ცხრა დასახელების ეთეროვანი ზეთი, რომლებიც არანაირად არ ჩამოუვარდებოდნენ ევროპაში დამზადებულ ეთეროვან ზეთებს, პირიქით, ზოგიერთი მათგანი სჯობდა კიდეც. აქედან დასკვნა _ საქართველოს შეუძლია ნატურალური ეთეროვანი ზეთებით შორს გაითქვას სახელი და ქვეყნის ეკონომიკაზე იფიქროს. ეს რომ ასე იყო, იცის ძველმა და საშუალო თაობამაც კი. ამიტომ მოჰყვა უზარმაზარი პროტესტი საქართველოში კანაფის მოყვანის იდეას და სამართლიანადაც. როცა ქვეყანას შეუძლია უნიკალური ეთეროვანი ზეთების მწარმოებელი გახდეს.
ეთერზეთოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის წესი
საქართველოში ვარდის გერანის შემოტანის შემდეგ, ამ მცენარის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიების შესწავლა თავდაპირველად დაიწყეს სოხუმის ეთერზეთოვანი კულტურების საცდელ სადგურში; ასევე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში. გაშენდა გერანის საცდელი პლანტაციები. აღმოჩნდა, რომ აქ მოყვანილი ფორმები ზეთის ხარისხით უახლოვდება საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში გავრცელებული ვარდის გერანის ფორმებს. ქართველი სელექციონერების მიერ, მიღებულია ვარდის გერანის ასზე მეტი ჰიბრიდული ფორმა, რომელიც წარმოებაში დაინერგა ჰიბრიდების სახით.
ვარდის გერანი სამშობლოში მრავალწლიანი ბუჩქბალახა მცენარეა, სიმაღლით სამ მეტრამდე, ძლიერ დატოტვილი ღეროებით. ამ მცენარემ ეს სახელწოდება მიიღო მისი სურნელების, ვარდის სურნელებასთან ძლიერი მსგავსების გამო. საწარმოო პირობებში ვარდის გერანის გამრავლება ძნელი არ არის და ხდება კალმების დაფესვიანებით. გერანის საკალმე მასალა უნდა აიჭრას სიმწიფის პერიოდში, როცა საკალმე ყლორტი ელასტიური და მკვრივია. საკალმე მასალად ასევე გამოიყენება კარგად მომწიფებული იღლიის ყლორტებიც.
გერანის დაკალმების ყველაზე ოპტიმალური პერიოდი 25 სექტემბრიდან 25 ოქტომბრამდეა. მისი მოსავალი ორჯერ აიღება. პირველი აჭრა უნდა მოხდეს ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში, მეორე აჭრა კი შემოდგომაზე, ოქტომბერში. აჭრილი მასა სასწრაფოდ უნდა გადამუშავდეს.
ეთერზეთოვანი რეჰანი საუკეთესო კულტურაა. გვხვდება სამი სახის რეჰანი: ევგენოლური, ქაფურის და ბოსტნის რეჰანი. ქაფურის რეჰანი 20% ეთეროვან ზეთს შეიცავს, რომელშიც 70%-მდე ქაფურია. ბოსტნის რეჰანი კულინარიაში გამოიყენება, როგორც სანელებელი. რეჰანის მწვანე მასის აჭრაც ტექნიკური სიმწიფის ფაზაში უნდა მოხდეს, როცა ყვავილების თესლი იწყებს დამწიფებას. მწვანე მასის აჭრა კი ნიადაგის ზედაპირიდან 10-15 სმ სიმაღლეზე იწყება, რომ ნედლეულში გახევებული მასა არ მოხვდეს.
საუკეთესო ეთერზეთოვანი პაჩული მრავალწლოვანი ბუჩქბალახა მცენარეა, რომელიც საქართველოში მოჰყავდათ და მოჰყავთ, როგორც ტროპიკული მცენარე. სიმაღლით 70 სმ-მდე. ის ჩვენში ვერ ყვავილობას. ამიტომ თავის სამშობლოში თუ ორჯერ იღებენ, ჩვენთან ერთხელ ხდება მოსავლის აღება. მისი ზეთი მოსქელო, თეთრი ფერისაა. მოსავლის აღება სექტემბრის მეორე ნახევრიდან უნდა დაიწყოს და სასწრაფოდ უნდა გადამუშავდეს.
საუცხოოა ყაზანლიყის ვარდი. ის მრავალწლიანი, დატოტვილი ბუჩქია, სიმაღლით ორ მეტრამდე. ისტორიულად ჩამოყალიბდა მშრალი, სუბტროპიკული ჰავის პირობებში. ამიტომ ის კარგად ვითარდება და ეთერზეთის მეტ მოსავალს იძლევა აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რაიონებში. დადგენილია, რომ საქართველოში უკეთეს შედეგს იძლევა ყაზანლიყის წითელი ვარდი, ვიდრე ვარდისფერი და თეთრ-წითელი ვარდი. ის უფრო ყინვაგამძლე და უხვმოსავლიანია. ნაკლებად ზიანდება და უფრო გვიან იშლება, რის გამოც გაზაფხულის ყინვები ვერ ვნებს.
აგროტექნიკური ღონისძიებებიდან ვარდისთვის აუცილებელია გასხვლა, რათა მოხდეს ზრდისა და ყვავილობის რეგულირება. მოსვლის აღება ხდება დილით, ნამის შეშრობის შემდეგ. უნდა მოიკრიფოს წითელი ყვავილები ჯამის ფოთოლაკებით და მოკრეფილი ნედლეული სასწრაფოდ უნდა ჩაბარდეს ქარხანას და გადამუშავდეს.
ნატურალური ზეთების წარმოებას ქიმიური მრეწველობის განვითარება ვერ ჩაანაცვლებს
ქიმიური მრეწველობის განვითარებამ გამოიწვია ხელოვნურ-სინთეზურ-სურნელოვან ნივთიერებათა წარმოების გაფართოება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის ჩაანაცვლებს ნატურალური ეთეროვანი ზეთების წარმოებას და ამ საქმეზე ხელი უნდა ავიღოთ. პირიქით, ეს არ შეიძლება, რადგან ზოგიერთი ეთერზეთოვანი მცენარე გვაძლევს განსაკუთრებულ სპეციფიკურ ეთეროვან ზეთს, რომლის შეცვლა მთელი რიგი მრეწველობის საჭიროებისთვის ვერ ხერხდება.
ამავე დროს ხელოვნურ, სინთეზურ სურნელოვან ნივთიერებათა გასაკეთილშობილებლად საჭიროა ეთეროვანი ზეთები. სწორედ ამიტომ ჩვენს ქვეყანაში უნდა განვითარდეს, როგორც ნატურალური ეთეროვანი ზეთების წარმოება, ისე, მათი მიღება სინთეზის გზით. ჩვენს მიერ ჩამოთვლილი ეთერზეთოვანი კულტურების წარმოება მეტად რენტაბელურია, რადგანაც საქართველოს ნიადაგობრივ-კლიმატური პირობები ხელს უწყობს მათ განვითარებას. ამიტომ ფერმერები და ბიზნესმენები უნდა დაინტერესდნენ აღნიშნული კულტურებით და ხელი შეუწყონ მის განვითარებას რადგან მათ დიდი სახალხო სამეურნეო მნიშვნელობა აქვთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში.
ცისანა ქაშაკაშვილი,
სოფლის მეურნეობისაკადემიური დოქტორი