შპს „სოფო“, რომელმაც ლანჩხუთის საბავშვო ბაღებისთვის ხორცპროდუქტების მიწოდებაზე ელექტრონული ტენდერი მოიგო, დისკვალიფიცირებულია!
მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნულმა კომპანიამ აუქციონის გარეშე ჩატარებულ ელექტრონულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა და ხორცპროდუქტების მიწოდებაზე ვალდებულება, კონკრეტული ფირმის სახელით ისე აიღო, რომ ამ ფირმასთან არ ჰქონდა შესაბამისი პარტნიორული ურთიერთობა.
„ეს გარემოება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის მიერ გამოვლინდა ხელშეკრულების გაფორმების სტადიაზე. შესაბამისად, შპს „სოფოს“ დაუყოვნებლივ მიეცა დისკვალიფიკაცია. ამ ეტაპზე აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებით მიმდინარეობს შესყიდვების კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურა“, _ ამბობენ სკოლამდელ საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრში.
ცნობისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა სამმართველომ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, საბავშვო ბაღების მომმარაგებელ კომპანიაში აპრილის დასაწყისში არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა.
უწყების ინფორმაციით, შპს „სოფოს“ შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, კერძოდ, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა, კონდენსატის არსებობა მაცივარში და კოროზირებული მილი, ხორცის ორგანოლეპტიკური მახასიათებლების დარღვევა _ შეცვლილი ფერი და კონსისტენცია, რის გამოც ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა და დაჯარიმდა.