შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1982 წელს დაბადებული კ.ნ. ოჯახში ძალადობის, მუქარისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეს სისტემატურად სთხოვდა ფულს, თანხის მიცემაზე უარის თქმის შემდეგ კი, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, სახლიდან გაგდებითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა. კ.ნ. სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა შვილებსაც, როდესაც ისინი მამის აგრესიისგან დედის დაცვას ცდილობდნენ.
გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის იანვარში მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა მათსავე საცხოვრებელ სახლში მყოფ მეუღლეს და 250 ლარის გადაგზავნა მოსთხოვა, რაზეც ცოლმა უარი უთხრა.
აღნიშნული ფაქტით განაწყენებული კ. ნ. მეუღლეს დაემუქრა, რომ თუ ფულს არ გადაუგზავნიდა, ძალადობის გამოყენებით სახლიდან გააგდებდა და ფიზიკურად გაუსწორდებოდა. იგი მეორე დღესაც დაემუქრა მეუღლეს სახლის დაწვითა და სიცოცხლის მოსპობით, გვიან ღამით კი სახლის პირველ სართულზე არსებულ სამზარეულოსა და მისაღებ ოთახში ფარდებს ცეცხლი წაუკიდა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებისა და მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პოლიციამ ნ.კ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავა.
გამოძიება ოჯახში ძალადობის, მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 11 პრიმა 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.