მიწის რესურსებისა და ნიადაგების დაცვა მნიშვნელოვანია, თუმცა, დღესდღეობით ქვეყნისთვის მიწის საკითხებთან დაკავშირებული არაერთი პრობლემა არსებობს.
ჯერ კიდევ, რამდენიმე წლის წინ გაერომ გამოხატა თავისი გაკვირვება იმის გამო, რომ საქართველოში არ აღირიცხება მიწები და არ ხდება მიწის ბალანსის შედგენა.
თუმცა, ქვეყანაში მას შემდეგ ამ კუთხით ფაქტიურად არაფერი შეცვლილა და უფრო მეტიც, როგორც კომპეტენტური პირები ამბობენ, მიწათსარგებლობის საკითხებზე სრული ქაოსია შექმნილი.
საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა „დემოკრატიის მხარდაჭერის ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში შეიმუშავა სარეკომენდაციო წინადადება მიწის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ, რომლის პროექტის განხილვაც დღეს თბილისში სასტუმრო „ქორთიართ მარიოტში“ შედ გა.
როგორც „გურია ნიუსთან“ საუბრისას საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა ირინე ფხოველიშვილმა განაცხადა, კონფერენციის გამართვა 2004 წლის შემდეგ ქვეყანაში შექმნილმა მძიმე შედეგებმა გამოიწვია. ყველაზე მეტად დაზარალებული კი არსებული ვითარებით საქართველოს მოსახლეობაა.
„წლების განმავლობაში ვმუშაობდით იმ საკითხებზე თუ რა შედეგი მივიღეთ 2004 წელს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის გაუქმების შემდეგ, რასაც 2006 წელს პირველი დონის საკრებულოების გაუქმება, ანუ სოფლებისთვის სტატუსების წართმევა მოყვა, რამაც აბსოლუტური წყვეტა გამოიწვია სოფლებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის და შეიქმნა ქაოსი მიწათსარგებლობის ირგვლივ. აქ არის როგორც საკუთრებაში, ასევე მფლობელობაში არსებული მიწები. ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია რომ საქართველოში ადგილობრივ მოსახლეობას უარი გვეთქვა მიწის დამუშავებაზე და შესაძლებლობა ყოფილიყო ქართული მიწების უცხოელებზე გასხვისების. 2007 წლიდან ინტენსიურად დაიწყო უცხოელების შემოსვლა და მათ შორის პრეზიდენტის მოწოდება რომ ქართული მიწა ყველას შეუძლია იყიდოს. ფაქტობრივად ამ ქაოსით ყველაზე მეტად წაგებული დარჩა ადგილობრივი მოსახლეობა“,_ამბობს ფხოველიშვილი.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიები საკმაოდ არის განვითარებული, რაც მიწის გაზომვის პროცესს ამარტივებს, ქვეყანას მიწის ბალანსი არ აქვს დაანგარიშებული.
„დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიებით ძალიან ადვილია ყველაფრის გაზომვა, სამწუხაროდ, არ გვაქვს მიწის ბალანსი. არ ვიცით რამდენს ვფლობთ. ერთია, რომ თვალნათლივ ჩანს ის, რაც რუსეთის ოკუპაციის შედეგად დავკარგეთ, მაგრამ არ ჩანს მცოცავი ოკუპაციის შედეგად დაკარგული მიწები, არ ჩანს ჩუმად გადმოჩოჩებული საზღვრები, ეროზიის შედეგად დაკარგული მიწები, ყოვლად შეუძლებელია ამ სიტუაციაში ყოფნა“,_ამბობს ის.
საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტის განცხადებით, მიწას უნდა ყავდეს ერთი პატრონი. მნიშვნელოვანი კი მეურნეების ანუ გლეხების, მესაკუთრეების დაცვაა.
„ვითხოვთ, რომ მიწას ყავდეს ერთი რეალური პატრონი, რომლის გარეშეც არ შეიძლება მოხდეს მიწისთვის კატეგორიის შეცვლა, ეკონომიკური დანიშნულების მინიჭება და ა.შ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელიც არის პოლიტიკის გამტარებელი სოფლის მეურნეობის მიმართულებით, უნდა ქონდეს გავლენა სასოფლო სამეურნეო მიწებზე მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ იყოს დაცული მესაკუთრე, გლეხი, რომლის მხრებზეც დგას ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერე. სასურსათო უსაფრთხოება“, _ ამბობს ფხოველიშვილი და აღნიშნავს, რომ „მიუხედავად იმისა, რომ დიდ სამამულო ომის დროს, 45-იან წლებში როდესაც ქვეყანა იყო ნგრევის პირას მაშინ 900 000 აწარმოებდა საქართველო ხორბალს და მეზობელ სახელმწიფოებზეც ყიდიდა, დღეს კი 150 000 ტონას წარმოება ხდება დანარჩენი კი სხვა ქვეყნებიდან, უმეტესად რუსეთიდან შემოდის, რომელმაც ხორბალი რომ არ მოგვაწოდოს ქვეყანას 1 კვირის მარაგი არ აქვს თავის სარჩენად. როდესაც მოხდება ამ ერთიანი სისტემის, მარეგულირებელი კომისიის შექმნა, თუ რას დაუძახებენ არ აქვს მნიშვნელობა, რომელმაც უნდა დაიწყოს პასუხისმგებლობის აღება მიწის ბალანსის, კადასტრის, ეკონომიკური ბალანსის შესახებ, ყველაფერზე, რომელიც მიწის ზემოთ და ქვემოთ არსებობს. იქამდე წინ ვერ წავალთ. ერთი რამ ფაქტია. არ შეიძლება გათვლები ვიქონიოთ მძიმე ინდუსტრიულ წარმოებებზე, უნდა ვიმუშაოთ აგროსექტორზე და ამ სექტორიდან მიღებული პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების განვითარების ხელშეწყობაზე“.
ფხოველიშვილის თქმით, საზოგადოება მტკივნეულად განიცდის იმ ორგანული კანონის განხილვას, რომელიც დღეს პარლამენტში მიდის სასოფლო სამეურნეო მიწების საკუთრების შესახებ.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ორგანულ კანონში არსებული ხარვეზები უნდა გამოსწორდეს. კერძოდ, საქმე ეხება მიწების გასხვისებას აკრძალულ ზოლებში, მათ შორის სასაზღვრო ზოლში, მთავრობის მიერ ნებადართული საერთაშორისო ორგანიზაციების მიწის საკუთრების არსებობასთან დაკავშირებით, რადგან კონსტიტუცია ცალსახად კრძალავს მიწების გასხვისებას უცხოელებზე და არ უნდა იყოს მის ქვემდებარე ორგანულ კანონში ისეთი რამ, რაც გახდება საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების საბაბი.
პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის თანამშრომელი, წამყვანი სპეციალისტი თამარ ფხაკაძე კი „გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ ქვეყანაში მიწის მართვა პარალიზებულია. არ არსებობს მიწის კადასტრი, რომელზეც სოფლის მეურნეობის ზოგადად სტრატეგიული განვითარება არის დაყრდნობილი.
„მიწის საკითხი არის პრობლემა. ჩვენ შემთხვევაში მიწის კადასტრი მოწესრიგებული არა გვაქვს. კომისიები შეიქმნა, შემოვიდა კანონპროექტი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ახალისებდა, რომელიც 2018 წლამდე უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ვერ დამთავრდა. სრული სურათის შექმნა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. ეს არის როგორც ეროვნულ დონეზე აყვანილი სიმდიდრე და უნდა შეეხედოს არა როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ როგორც ეროვნული სიმდიდრე, რომელმაც უნდა განსაზღვროს ქვეყნის სიმდიდრე“,_ამბობს ფხაკაძე.
მისივე თქმით, პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა მიწის ფონდის შექმნაა, რადგან ქვეყანაში მიწის ბალანსი აღწერილი უნდა იყოს.
„მიწის ბალანსი უნდა იყოს ქვეყანაში, რომ ნებისმიერი ცვლილება რა მოხდა, სტატუსის შეცვლის რომ დარეგულირდეს. ამ ეტაპზე მიწის ბალანსი არ არსებობს. 2004 წელს გაუქმნდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი და მიწა სამართავად გადაეცა სხვადასხვა სამინისტროებს, მათ შორის იუსტიციის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მაშინდელ გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ეს ქაოსი და გაბნეულობა ქმნის რომ სრულიად პარალიზებულია მიწის მართვა ჩვენს ქვეყანაში“,_ამბობს ის.
ფხაკაძე ასევე აღნიშნავს, რომ მიწას ყოველწლიურად უნდა შემოწმება. გაუდაბნოების პრობლემაც დადგება და მიწას ფასი დაეკარგება. გარდა ამისა, „როცა ჩვენ კადასტრი არ გვაქვს და ვყიდით მიწას არ ვიცით რას ვყიდით, მოგვცემს იმ შედეგს რასაც ველოდებით“,_ამბობს ის.