საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, საქართველოში იტალიის ელჩს, ანტონიო ბარტოლის შეხვდა და მასთან ქართული და იტალიური რაგბის თანამშრომლობის დეტალები განიხილა.
სვანიძის თქმით, რაგბის კავშირი იტალიურ მხარესთან აქტიურ თანამშრომლობას იწყებს და იგივეს გეგმავს სხვა წამყვანი სარაგბო ქვეყნების კავშირებთანაც:
„იტალიურ მხარესთან რაგბი ევროპის ფარგლებში დიდი ხანია ურთიერთობა გვაქვს, თუმცა იტალიის რაგბის კავშირთან პირდაპირი ურთიერთობა ახალი დაწყებული გვაქვს. ვაპირებთ, რომ მომავალში ყველა წამყვან სარაგბო ქვეყანასთან პირდაპირ ვისაუბროთ და მათთან ურთიერთობები გავაღრმავოთ. მსოფლიო რაგბში მნიშვნელოვანი მოვლენები მიმდინარეობს, ისტორიული გადაწყვეტილების მიჯნაზე ვდგავართ და მნიშვნელოვანია არ ვიყოთ დამოკიდებული სხვების გადაწყვეტილებაზე. სწორედ ამიტომ, პარალელურ რეჟიმში მნიშვნელოვანია პირადი კონტაქტების დამყარება, რათა არ ჩამოვრჩეთ რაგბის განვითარებას, გავუსწროთ მოვლენებს და სამომავლო გამოწვევებს მომზადებული შევხვდეთ.
იტალიასთან მოქიშპე დამოკიდებულება გვქონდა და მოედანზე ეს ყველა მეტოქესთან ასეც გაგრძელდება, თუმცა მის მიღმა, ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს. იტალიურ რაგბს თავისი პლიუსები აქვს, ჩვენსას თავისი და ამ ურთიერთობით ორივე მხარე გავმდიდრდებით. იტალიის ეროვნულ ნაკრებთან განმეორებით მატჩზე მსოფლიო რაგბთან და უშუალოდ იტალიის რაგბის კავშირთან ვისაუბრებთ, რადგან ეს საკითხი მათი გადასაწყვეტია. ამ შეხვედრისას ელჩს გავაცანით იდეა, რომელიც მას ძალიან მოეწონა და მზადაა პროცესების დასაჩქარებლად პირადად ჩაერთოს მის მომზადებაში. საუბარია იტალიის ახალგაზრდული, საფესტივალო ასაკის გუნდების ჩამოყვანაზე, რომლებიც ქართველ ბავშვებთან ერთობლივ ვარჯიშებს გამართავენ და ითამაშებენ. გვაქვს სურვილი, რომ ერთი ან ორი გუნდი ამ ზაფხულს მოვიწვიოთ და პირველი საზაფხული ბანაკი მოვაწყოთ“, – აღნშნა გოცა სვანიძემ.
ქვეყნებს შორის სპორტული ურთიერთობების გაღრმავების ინიციატივით კმაყოფილია იტალიის ელჩიც:
„ძალიან დიდი მადლობა რაგბის კავშირის პრეზიდენტს ამ ვიზიტისთვის. მე კარგად და თბილად ვიხსენებ შარშან ნოემბერში, ფლორენციაში გამართულ შეხვედრას და იმ ატმოსფეროს, რომელიც სტადიონზე სუფევდა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხარეს ვიდექი, გული ქართულად მიცემდა. მოხარული ვარ, რომ ეს ურთიერთობები ივნისში გაგრძელდება და ახლა უკვე საქართველოს 7-კაცა ნაკრები ითამაშებს რომის საერთაშორისო ტურნირზე.
ვილაპარაკეთ სამომავლო ურთიერთობებზე, რომლებშიც აქტიურად ჩავერთვები. საქართველო, თავისი სილამაზით, უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს და რაგბი ქვეყნის პოპულარიზაციაში უდიდეს როლს ასრულებს. არის იდეა და მაქვს იმედი, რომ უკვე ამ ზაფხულს შევძლებთ ერთობლივი საწვრთნელი ბანაკის მოწყობას, სადაც ქართველი და იტალიელი თინეიჯერი მორაგბეები ერთად ივარჯიშებენ, _ აღნიშნა ანტონიო ბარტოლიმ.