საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტის Twitter-ის გვერდზე შესაძლო კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.
როგორც უწყებაში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში კი დაიწყება გამოძიება.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის Twitter-ზე გამოჩნდა დონალდ ტრამპის ტვიტი, სადაც ის აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს. საქართველოს პრეზიდენტის მიკრობლოგიდან მოგვიანებით გაზიარებული ტვიტი წაიშალა.
ზურაბიშვილის Twitter-ის გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ტვიტის გაზიარებას პრეზიდენტის პრესსპიკერიც გამოეხმაურა. ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, რომ ორი ვერსია განიხილება და ადმინისტრაცია არც სოციალური ქსელების მართვის მენეჯერის შეცდომას და არც კიბერთავდასხმას გამორიცხავს.