საქართველოს ბანკი კორპორაციული პასუხისმგებლობის კლუბისა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით ჩატარებული ყოველწლიური კონკურსის „CSR ჯილდო 2019“-ის გამარჯვებულია.
კონკურსი მიზნად ისახავს, საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციასა და მისი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას. მთავარი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც საქართველოს ბანკმა ჯილდო მიიღო, ეს ხარისხიანი განათლების ხელშეწყობა და ხელმისაწვდომობაა.
„განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მნიშვნელოვან და უცვლელ პრიორიტეტად რჩება. ბანკი წლებია, მხარს უჭერს ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამისა და ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ განათლება დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. საქართველოს ბანკის მიერ 3 402 196 ლარით დაფინანსებულია 509 სტუდენტი საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ. სრულიად ახალ ვებპლატფორმაზე კი, როგორც განათლების ბანკმა, თავი მოვუყარეთ სწორედ ასეთი სახის ყველა საჭირო ინფორმაციას მათთვის, ვისაც სურს განათლების მიღება და განვითარება. მოხარული ვარ, რომ სწორედ ამ ვებპლატფორმითა და ხარისხიანი განათლების მხარდაჭერისთვის ბანკმა ეს ჯილდო დაიმსახურა“, – განაცხადა საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების დირექტორმა ხათუნა კაკაბაძემ.
ინფორმაციისთვის: საქართველოს ბანკმა განათლების ხელშეწყობის მიზნით ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა www.boe.ge შექმნა. პლატფორმაზე თავმოყრილია ყველა საჭირო ინფორმაცია იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც ბანკი აძლევს განათლების მიღების მსურველებს. აბიტურიენტები, სტუდენტები, მომავალი მაგისტრები ვებპლატფორმაზე მიიღებენ ყველა საჭირო ინფორმაციას სასტიპენდიო პროგრამებზე, ონლაინ და ფიზიკურ სასწავლო სივრცეებზე, ენის შემსწავლელ თუ სასერტიფიკატო კურსებზე. www.boe.ge-ზე განთავსებულია საინტერესო ინფორმაცია საგანმანათლებლო კონკურსებსა თუ პროექტებზე, რომელსაც ბანკი მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. (R)