ლანჩხუთის „გურიას“ ხელმძღვანელობამ ევგრაფ შევარდნაძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა. კლუბის თავკაცმა, კახა ებრალიძემ თავშივე აღნიშნა, რომ სურვილი აქვს, ყველა შეკითხვას პასუხი გაეცეს და გულშემატკივარს ჰქონდეს ის სურათი, რაც, დღესდღეობით, გუნდში არსებობს.
„სიმართლე გითხრათ, ჩემი საფეხბურთო გამოცდილებიდან პირველად ხდება, ასეთ შეხვედრას რომ ვაწყობ. მედიასთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, მქონდა, მაგრამ არა ასეთი და ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ შევხვდით ერთმანეთს და ვეცდები, ვთქვა ყველაფერი, რაც ჩვენს თავს ხდება. წინასწარვე ვიტყვი, რომ ურთულეს სიტუაციაში აღმოვჩნდით და არ გეგონოთ, პასუხისმგებლობას ვინმეს თავს ვახვევდე. რაც ხდება, უპირველესად, ეს ჩემი ბრალია. ეტყობა, რაღაც მომენტში შეცდომა დავუშვი, რაღაც ვერ გავთვალე ისე, როგორც საჭირო იყო და შედეგიც სახეზეა.
მე და ჩემი გუნდი გასული წლის ოქტომბრიდან მოვედით კლუბში და გეხსომებათ, ალბათ, რომ ეს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების შემდეგ გახდა შესაძლებელი. მაშინ ჩვენი ვალდებულება 40 ათასი ლარის ინვესტიციის ჩადება იყო, მაგრამ ამის გარდა, დღემდე მოვახერხეთ და 140 ათას ლარზე მეტი თანხა მოვიძიეთ. როცა კლუბი ჩავიბარეთ, ისეთი სიტუაცია იყო, არავინ გვთხოვდა მეორე ლიგაში გადასვლას. თუმცა, იმდენი ვქენით, რომ მაქსიმუმს მივაღწიეთ, იღბალმაც ხელი შეგვიწყო და ფაქტობრივად, ერთი წლით ადრე აღმოვჩნდით ზედა ლიგაში. ეტყობა ამ მოულოდნელობამაც იქონია ნეგატიური ფაქტორი და სასურველი მზადყოფნით ვერ დავხვდით ახალ გამოწვევებს, თუმცა, ამ დღეში თუ ჩავვარდებოდით, ასიდან ასივე ადამიანს რომ ეწინასწარმეტყველა, ცოცხალი თავით არ დავიჯერებდი.
რამდენიმე მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ ვართ ასეთ ცუდ, უფრო მეტიც, კატასტროფულ მდგომარეობაში. პირველი ის, რომ გარკვეული კომუნიკაცია სამწვრთნელო შტაბსა და შერჩეულ ფეხბურთელებს შორის მოიკოჭლებდა, რამდენიმე ფეხბურთელზე გაკეთებული აქცენტი ფუჭი გამოდგა, ზოგი ტრავმებმა დატანჯა, ზოგმა ვერ წარმოაჩინა თავი ისე, როგორც ველოდით და საკადრო პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით. ამას დაემატა გარკვეული ფინანსური გაურკვევლობები, რომელიც მემკვიდრეობით შეგვრჩა, თუნდაც ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერის პრობლემა, რომლის განეიტრალება, მიზეზთა გამო, გაგვიჯანჯლდა და შედეგად სამი ქულაც ჩამოგვაჭრეს. ჰოდა, ამ ყველაფერმა გავლენა იქონია გუნდის ჩამოყალიბების პროცესზე და შედეგიც აქედან გამომდინარე გვაქვს. ვიმეორებ, მიუხედავად ყველაფრისა, მე ის კაცი არ ვარ პასუხისმგებლობას გავექცე, პირიქით, მიმაჩნია, რომ მთავარი დამნაშავე მე ვარ“, _ აღნიშნა ებრალიძემ და შექმნილი სიტუაციიდან გამოსვლის გზებზე საუბრით გააგრძელა მედიასთან შეხვედრა.
„მიუხედავად ამ სიტუაციისა, გპირდებით და მინიმუმ, 80-პროცენტიან სიტყვას ვიძლევი, რომ მიმდინარე სეზონში „გურია“ ადგილს შეინარჩუნებს ამ ლიგაში და ეს ყოველგვარი პლეი ოფების გარეშე. ამ სიტყვებს ჰაერზე არ ვამბობ და საქმის გამოსწორებაზე ფიქრი უკვე დავიწყეთ. უპირველესად, სასწრაფოდ ახალი მწვრთნელი გვესაჭიროება და ამ კუთხით კონსულტაციები უკვე დაწყებული გვაქვს. სავარაუდოდ, 15 მაისისთვის კლუბს ახალი, ამბიციური მწვრთნელი ეყოლება, რომლის გამოცდილება ლიგაში დარჩენის ერთ-ერთი წინაპირობა იქნება. რა თქმა უნდა, ახალ ფეხბურთელებსაც აუცილებლად დავიმატებთ, ჯერჯერობით, საუბარია სამ ბრაზილიელ და კიდევ ორ სხვა ეროვნების ლეგიონერზე, რომელთა ჩამოსვლას დღე-დღეზე ველოდებით. ჰოდა, მაქსიმუმ, 20 მაისისთვის „გურია“ სეზონს ახალი მწვრთნელით და ახალი ფეხბურთელებით გააგრძელებს“, _ დაგვაიმედა „გურიას“ მესვეურმა, რომლის თქმითაც, თენგიზ პატარაია, რომელიც კლუბს წვრთნიდა, საქმიანობას დირექტორატში გააგრძელებს. თავად ებრალიძე კი მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, მის მიერ დამოძღვრილმა გუნდმა ხუთ შეხვედრაში ორი მოიგო, პირადად მისი მწვრთნელობა ამ ეტაპზე სასურველი შედეგის მომტანი ვერ იქნება.
ჩვენ ვცადეთ იმის გარკვევა, თუ ვის კანდიდატურას განიხილავს კლუბი მწვრთნელის პოსტზე, თუმცა, მისი ვინაობის გაჟღერება ამ მომენტისთვის არ ისურვეს. მხოლოდ ის გავარკვიეთ, რომ ეს არ იქნება თემურ ლორია, რომელსაც კლუბში დაბრუნების სურვილი კი ჰქონია, მაგრამ მიუხედავად შეთავაზებისა, მან უარი განაცხადა, რამეთუ სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე თავის ახლანდელ კლუბთან ვალდებულებები გააჩნია.
ებრალიძის თქმით, ის მზადაა შეხვდეს გულშემატკივარს და აუხსნას, თუ რა და რატომ ხდება, თანაც მხოლოდ ისეთ ადამიანებს, ვისაც მართლა შეტკივათ გული საყვარელ გუნდზე.
„სურვილი მაქვს, შევხვდე გულშემატკივრებს და ყველაფერი ვუამბო მათ. მართალია, მავანნი თვლიან, რომ მე კლუბის დასამარხავად დავბრუნდი, მაგრამ იმ ადამიანებთან, ვინც მართლა მარხავდა ბოლო წლებში „გურიას“, სასაუბრო არაფერი მაქვს. ვინც კარგად მიცნობს, დამეთანხმება, რომ პიარით არასდროს მისარგებლია, არც სხვების ცოდვებზე მისაუბრია საჯაროდ, მაგრამ იმ ხალხს, ვინც 7 მილიონზე მეტი ფული დახარჯა კლუბში და თან ორი ლიგიდან გააგდო, სალაპარაკო არაფერი აქვთ. დღესაც რაც გვჭირს, გარკვეული წილი მათია. 140 ათასი ლარი გადავიხადეთ არაფრის გამო და წარმოიდგინეთ, ეს რომ კლუბს მოხმარებოდა, რამდენით წინ ვიქნებოდით, არაფერს ვამბობ იმ დავალიანებების გამო დაყადაღებულ ანგარიშებზე, რომელიც მემკვიდრეობით დაგვრჩა. მე არ ვამბობ რიგითი თანამშრომლების ხელფასზე, ვინც საქმეს აკეთებდა, მათთვის ალალია, მაგრამ, ვინც ამდენი თანხა დახარჯა და კიდევ ვალს ითხოვს, ეს უკვე მართლა ზედმეტია“, _ აღნიშნა კლუბის თავკაცმა.
როგორც კახა ებრალიძის საუბრიდან ირკვევა, გარკვეული კომუნიკაციის და დისციპლინის სიმცირემ მიიყვანა სიტუაცია აქამდე და მიუხედავად არსებული სხვადასხვა პრობლემებისა, ასეთი სავალალო შედეგი მაინც არ უნდა დამდგარიყო. რაც შეეხება ტრავმირებულ ფეხბურთელებს, როგორც ითქვა, ერთ-ერთი, ვისზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ „გურიას“ ხელმძღვანელობაში, გოგი გოგიჩაიშვილი იყო. იგი „სამგურალიდან“ გადმოვიდა და სეზონის წინ მუხლის ძველი ტრავმა გაუმიზეზდა, შემდეგ სცადა დაბრუნება, მაგრამ არ გამოვიდა. გოგიჩაიშვილს ბოლო შანსი 20 მაისამდე მიეცემა, როცა ტრავმა საბოლოოდ მოშუშებულიც ექნება და სასურველ ფორმაშიც მალე შევა.
პრესკონფერენციაზე ცალკე სასაუბრო თემა იყო ადგილობრივი ფეხბურთელები, რომელთა სიმრავლე ყოველთვის სასურველია, თუმცა, ფაქტია, რომ ძირითად შემადგენლობაში ისინი ხშირად ვერ ხვდებიან. ებრალიძეს მიაჩნია, რომ მარტო „აქაურობა“ არაა საკმარისი და სამწუხაროდ, მათი სათამაშო დონე თუნდაც შარშანდელთან შედარებით მოკლებულია.
„მე ყოველთვის ადგილობრივ ფეხბურთელებზე ვაკეთებდი აქცენტს, ვცდილობდი მაინც და უმაღლეს ლიგაში რომ გადავედით, მაშინ გახსოვთ, ალბათ, რამდენი ლანჩხუთელი გვყავდა გუნდში. სამწუხაროდ, შარშანდელთან შედარებით, ჯერჯერობით, ვერ ვხედავ, რომ ისინი უკეთეს ფორმაში არიან. აი, თუნდაც „სამტრედიასთან“ შეხვედრაში უმეტესი ადგილობრივი იყო მოედანზე, მაგრამ შედეგი?! ვიმეორებ, ადგილობრივი ბიჭების გულშემატკივარი ვიყავი და ვიქნები, მაგრამ დაუმსახურებლად ადგილის შენარჩუნება არ გამოვა. აი, მოვა ახალი მწვრთნელი და მას დაუმტკიცონ, რომ ძლიერები არიან“, _ დასძინა ებრალიძემ.
საბოლოოდ, კახა ებრალიძემ საკმაოდ ოპტიმისტური პროგნოზი გააკეთა. ძნელია იმის თქმა, ამის საფუძველს რა წარმოადგენს, მაგრამ ფაქტია, რომ მან სიტყვა თქვა და ახლა გულშემატკივარი ამ სიტყვის შესრულების კეთილი ნების მოლოდინშია. ებრალიძემ ისიც დაამატა, რომ თუ დანაპირები, ანუ პრო ორში დარჩენა ვერ შეასრულა, იგი კლუბიდან აუცილებლად წავა და ხოლო 150 ათასი ლარის ინვესტიციას მაინც დატოვებს. უფრო მეტიც, დღესვე თანახმაა, აღნიშნული თანხა და პოსტი დაუთმოს იმ ადამიანებს, ვინც მართლაც დაანახებენ, როგორც მას, ასევე, საზოგადოებას, რომ უკეთესად გამართავენ გუნდის მენეჯმენტს.
დაბოლოს, უახლოეს დღეებში ფეხბურთელებს სახელფასო დავალიანებას ბოლომდე გაუსტუმრებენ. საუბარია 40 ათას ლარზე, რომელიც მალე დარიგდება. რაც შეეხება ფონდის მიერ დაფინანსებას, ეს 500 ათასი ლარი საკმარისი არაა ამბიციური კლუბისთვის, რომელსაც სეზონზე მილიონ ლარზე მეტი ესაჭიროება. ებრალიძე გვაიმედებს, რომ მისი კომპანია ზემონახსენებ 150 ათას ლარს კლუბს დამატებით დაახარჯავს, ხოლო შედარებით გრძელვადიან პერიოდში უფრო სოლიდური დაფინანსების მოლოდინიც არსებობსო, გვაუწყა და თუ ვისგან, ამაზე მალე გვეტყვის.