ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ანსამბლ ,,შვიდკაცას” საიუბილეო საღამო და ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალი გაიმართა.
ანსამბლის თითოეული წევრი მადლობის სიგელით დაჯილდოვდა. ანსამბლის ხელმძღვანელს, ტრისტან სიხარულიძეს, რომელსაც უმაღლესი რანგის ჯილდოები უკვე მიღებული აქვს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, საპატიო ოზურგეთელის წოდება მიენიჭა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის სახელმწიფო ჯილდოს – ღირსების მედლის მისაღებად წარდგენილები არიან: ლევან გოლიაძე, გელა ლომჯარია და ალექსანდრე ბურჭულაძე, ხოლო ღირსების ორდენის მისაღებად ილია ინწკირველი და ლევან ნინიძე.
კულტურის სამინისტროში ხელოვნების ქურუმის წოდების მისანიჭებლად წარდგენილია ლოტბარი ამირან გოლიაძე.
,,შვიდკაცა“ 60 წლის გახლავთ. მისი ხელმძღვანელი 1999 წლიდან ტრისტან სიხარულიძეა; ანსამბლი დღემდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს. ,,შვიდკაცას” რეპერტუარში შედის 100-მდე ქართული (აქედან 50-ზე მეტი გურული) სიმღერა.
ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში ზურაბ ნასარაია, მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს ფოლკლორის ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები: ანზორ ერქომაიშვილი, ჯემალ ჭკუასელი, ანსამბლები: “რუსთავი”, “ბასიანი”, “ქართული ხმები”, ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელი ვანო ჩხარტიშვილი და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიება ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებითა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. (R)